მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობას პრობლემების მოგვარება, სიღარიბე, სამუშაო ადგილების შექმნა აინტერესებს - პრემიერი

616ec7a5e5bfc
ვიქტორია მღებრიშვილი
19.10.21 17:32
643
„ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, მოვაგვაროთ მათი პრობლემები, სიღარიბე, სამუშაო ადგილები შევქმნათ, მეტი ინფრასტრუქტურული სამუშაო დავაფინანსოთ და მეტი საქმე გავაკეთოთ ერთად“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ ოზურგეთში მეორე ტურს სამთავრობო კანდიდატი „ძლიერად მოიგებს“. მისივე თქმით, ახლა მისი მთავარი საზრუნავი არჩევნების მშვიდად, წყნარად, გამჭვირვალედ ჩატარება და შემდეგ მხოლოდ საქმეზე ფიქრი და მუშაობაა.

მან გასულ წლებში ოზურგეთსა და თიანეთში დამოუკიდებელი კანდიდატების მერობის პერიოდი შეაფასა და თქვა, რომ იმის გამო რომ მუნიციპალიტეტის მერი სამთავრობო კანდიდატი არ იყო იქ ცენტრალურ ხელისუფლებასა და მუნიციპალიტეტს შორის ნაკლები კომუნიკაცია იყო.

„მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2017 წელს, ჯერ კიდევ წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენ ორ მუნიციპალიტეტში წავაგეთ არჩევნები და რეალურად იქ გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი და მთელი 4 წელი მერი იყო დამოუკიდებელი კანდიდატი. ასევე თიანეთში იყო სხვა კანდიდატი, რომელიც ასევე ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი იყო. პრეცედენტი იმისა, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ იყო მერი, დაფიქსირდა ჯერ კიდევ 2017 წელს. ახლა ჩვენი ამოცანაა, 20-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ ძლიერად არჩევნები და ეს ორი მუნიციპალიტეტიც დავიბრუნოთ. ძალიან საინტერესო სტატისტიკა მოიყვანა არჩილ თალაკვაძემ. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ოზურგეთის ბიუჯეტი იყო 17 მლნ დაახლოებით და 44 მლნ-მდე გავზარდეთ, მანამ ვიდრე ჩვენი კანდიდატი იყო აქ მერი, მაგრამ სამწუხაროდ, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ ვინაიდან ოზურგეთს ჰყავდა დამოუკიდებელი კანდიდატი და ის მაინცდამაინც არ თანამშრომლობდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მოტივაციაც ნაკლები იყო და შესაბამისად, ნაკლები ინიციატივები მომდინარეობდა ადგილობრივი ხელისუფლებიდან ცენტრალურ მთავრობაში. ეს ერთგვარი წყვეტა იყო კავშირისა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ მთავრობას შორის. ახლა ჩვენ ამ ორ მუნიციპალიტეტშიც, ოზურგეთსა დაა თიანეთში გვეყოლება ჩვენი მერი, ჩვენი გუნდის წევრი და აღდგება ის კავშირი, ის ხიდი, რომელიც აუცილებელია, ცენტრალურ მთავრობას ჰქონდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, რომ უფრო მეტი პროექტი დავუფინანსოთ ჩვენს მოსახლეობას, მეტი ყურადღება, მეტი ფინანსები წამოვიდეს და მეტი ინიციატივები განხორციელდეს ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.