23.ივლისი .2022 21:20

„ანაკლიას სჭირდება რეკლამა...მიშას შემდეგ არავინ გვინახავს“ - ბიზნესის და ხალხის ხმა ანაკლიიდან

„ანაკლიას სჭირდება რეკლამა...მიშას შემდეგ არავინ გვინახავს“ - ბიზნესის და ხალხის ხმა ანაკლიიდან
views 1713
უკან

$1.1 მილიარდი დოლარი ექვს თვეში და 1.43 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი ამავე პერიოდში - ასეთია საქართველოში ტურიზმის აღდგენის ოფიციალური დინამიკა. შესაბამისად, ტურისტული ნაკადი პანდემიამდელი პერიოდის 44%-ზე აღდგა; ბევრად უფრო მაღალ, 78%-იან ნიშნულზეა ტურიზმის შემოსავლების აღდგენა. ანალიტიკოსების პროგნოზით, მომდევნო თვეები კიდევ უფრო მეტ ტურისტს და შემოსავალს უნდა ელოდოს ქვეყანა, რადგან საქართველო საერთაშორისო ტურიზმიდან ყველაზე მეტ შემოსავალს სწორედ ზაფხულის პერიოდში იღებს.

ანაკლიაში "Echowaves"-ი არც წელს ჩატარდება

ტურისტებს ელიან განმუხურსა და ანაკლიაშიც, მაგრამ საზღვაო კურორტები, ჯერჯერობით, ფაქტობრივად, ცარიელია. BMG დაინტერესდა - რა მოლოდინები აქვს ადგილობრივ ბიზნესს და ზოგადად, რას აკეთებს ხელისუფლება ბათუმთან თუ ქობულეთთან შედარებით „ახალგაზრდა“ და ნაკლებად პოპულარულ კურორტზე ტურისტების მოსაზიდად.

როგორც გავარკვიეთ, ის, რაც პანდემიამდელ პერიოდში ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორებს ანაკლიაში იზიდავდა, წელს არ იქნება - ვგულისხმობთ ელექტრონულ ფესტივალს. პანდემიამდე ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "Echowaves"-ი ტარდებოდა, რომელიც შარშან სწორედ covid-ის გამო გაუქმდა და წელს, აგვისტოში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ორგანიზატორების განცხადებით, ღონისიძიება ლოგისტიკური და საორგანიზაციო საკითხის გადაუწყვეტელობის გამო არც წელს გაიმართება.

„მიუხედავად ჩვენი გუნდის თავდაუზოგავი მცდელობისა, შეუძლებელი აღმოჩნდა სხვადასხვა ლოგისტიკური და საორგანიზაციო საკითხის გადაწყვეტა. ჩვენს სტუმრებს, რომლებმაც 2021 წელს უარი განაცხადეთ აბონემენტის ღირებულების დაბრუნებაზე, დღეიდან თანხა ავტომატურად ჩაგერიცხებათ. მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის. იმედი გვაქვს, სულ მალე კარგი სიახლეებით დაგიბრუნდებით“, - 20 მაისს, ასე Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით აცნობეს ეს ამბავი ფესტივალის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს. აღსანიშნია, რომ ‘’Echowaves“-ი, რომელიც, GEM Fest-ის ერთგვარი „მემკვიდრე“ იყო, 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 4 მლნ ლარით დასუბსიდირდა; 2019 წელს კი - 2 მლნ ლარით.

ანაკლიაში სულ სამი სასტუმროა, მათგან ერთი წელს არ გაიხსნება

რაც შეეხება განთავსების ობიექტების და ადგილზე არსებული სასტუმროების მდგომარეობას - ახალი არაა, რომ საქართველოს სხვა საზღვაო კურორტებისგან განსხვავებით, ანაკლიაში სასტუმროების დიდი არჩევანი არაა - სულ სამი სასტუმროა და მათგან ერთი - ანაკლიის სავიზიტო ბარათი „ოქროს საწმისი“ წელს საერთოდ არ იმუშავებს.



„ოქროს საწმისი“ გარკვეული მიზეზების გამო, წლევანდელი სეზონისთვის არ გაიხსნება; სხვა არაფრის თქმა შემიძლია“, - უთხრა bm.ge-ს სასტუმროს წარმომადგენელმა ანა გვარამიამ.

"ოქროს საწმისისგან“ განსხვავებით, ტურისტების მოლოდინშია „ანაკლია“.

„ჩვენი სასტუმრო ყოველთვის ღია იყო და არც არასდროს დაკეტილა; მზად ვართ დამსვენებლების მისაღებად. წინასწარი ჯავშნები სხვა წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა მაინც გვაქვს. დადებითად ვართ განწყობილი“, - ამბობს bm.ge-სთან სასტუმროს დირექტორი სოსო თოდუა.

ანაკლიის, როგორც კურორტის ცნობადობის დაბალ ხარისხზე, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მისი „გაპიარების“ ნაკლებობასა და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს bm.ge-სთან ანაკლიაში მდებარე კიდევ ერთი სასტუმროს „Anaklia Resort Pratap's Signature“-ს გაყიდვების მენჯერი ნინა გაჩეჩილაძე.



„ბათუმისა და მესტიისგან განსხვავებით, ხელისუფლება სამეგრელოს რეგიონს, პიარის თვალსაზრისით, დიდ ყურადღებას არ უთმობს. როგორც კერძო სექტორი ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ კუთხით მაქსიმუმის გაკეთებას, თუმცა მხოლოდ ჩვენი რესურსი ამისთვის საკმარისი არ არის. მეტი ყურადღება ეთმობა აჭარას და სვანეთს, ვიდრე სამეგრელოს რეგიონს. ასვე არსებობს ინფრასტრუქტურული პრობლემები - ამ მხრივ მოუწესრიგებელია ყველაფერი. ამდენად, დადებითი მოლოდინი არ მაქვს. ამ ეტაპზე სასტუმრო 30%-იანი დატვირთვით მუშაობს“, - აცხადებს ნინა გაჩეჩილაძე.

„ანაკლიას სჭირდება რეკლამა... მიშა ჩამოდიოდა... მთავრობის შეცვლის შემდეგ აქ არავინ გვინახავს“

სასტუმროების მდგომარეობის და მათი მოლოდინების მოსმენის შემდეგ საოჯახო სასტუმროების მფლობელებსაც ვესაუბრეთ. აღსანიშნია, რომ ელექტრონულმა ფესტივალებმა ტურიზმის განვითარებას ბიძგი მისცა და არაერთმა ადგილობრივმა საკუთარი სახლი საოჯახო სასტუმროდ აქცია, მაგრამ პანდემიის დასრულების მიუხედავად, მათი მოლოდინები პესიმისტურია.
საოჯახო სასტუმრო "თეთრი სახლი-ანაკლიის" მფლობელი ფიქრობს, რომ ანაკლიაში წლევანდელი ტურისტული სეზონი ჩავარდნილია და ამაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.

როგორც bm.ge-ს მანანა თოდუა უყვება, ზუგდიდის მერია ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახლა, ტურისტული სეზონის დროს ახორცილებს, რაც დამსვენებლებისთვის, რომელიც ისედაც ბევრი არაა, შემაწუხებელია და დისკომფორტს უქმნის.

„სად გაგიგიათ ბულვარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული სეზონის დროს მიმდინარეობდეს. ქალაქში დღეში 20-მდე ქვიშა-ხრეშით დატვირთული მანქანა გადაადგილდება, გაუსაძლისი მტვერია და ეს იწვევს სტუმრების უკმაყოფილებას. ტურისტული სეზონის დაწყებამდე ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ვითხოვდით, მაგრამ ჩვენი თხოვნა ყურად არავინ იღო“, - გვიყვება საოჯახო სასტუმროს მფლობელი.

ადგილობრივებიც „ცარიელი ანაკლიის“ ერთ-ერთი მიზეზად კურორტის ნაკლებ რეკლამირებას ასახელებენ.

„სხვა საზღვაო ქალაქებისგან განსხვავებით, ანაკლიაზე სარეკლამო რგოლები არ მზადდება. შედეგად, არც შიდა ტურისტი გვყავს და არც უცხოელი. ყველას ბანკის ვალი გვაქვს... ცუდად არის საქმე. მთავრობა კი არაფერში გვეხმარება“, - ამბობს ანაკლიის მკვიდრი ინვერ საჯაია.

კიდევ ერთი ადგილობრივი კი ყოფილს პრეზიდენტს იხსენებს და გვეუბნება, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ანაკლია პრიორიტეტი აღარაა.

„ყოველ წელს უფრო და უფრო ნაკლები ტურისტი მოდის. კურორტის ბულვარში არსებული განათებები, გასართობი ადგილები რემონტს საჭიროებს; აკვაპარკი კი გაიხსნა, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა ვიზიტორის მოსაზიდად; რაც ანაკლიას სჭირდება, ეს არის რეკლამია და პიარი. არცერთ მედიაში ანაკლიას, როგორც ტურისტულ ზონას არ არეკლამებენ.
ერთადერთი, ვინც ხელისუფლებიდან ჩვენთან ჩამოდიოდა იყო მიშა <მიხეილ სააკაშვილი> და მას შემდეგ, რაც მთავრობა შეიცვალა, აქ ფაქტობრივად, არავინ გვინახავს“, - ამბობს BM.ge-სთან ანაკლიელი ანა აბულაძე.

რა კეთდება ანაკლიისთვის? - ადგილობრივი მთავრობის პოზიცია

მაშინ როდესაც ანაკლიელები ხელისუფლების, მათ შორის ადგილობრივის მიერ კურორტისადმი ყურადღებით უკმაყოფილონი არიან, ადგილობრივი მთავრობა იმ ღონისძიებებზე და აქტივობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც კეთებოდა და დღესაც გრძელდება.

კერძოდ, ზუგიდის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ანაკლიაში, მდინარე ენგურის (ზღვასთან შესართავი) მარცხენა სანაპირო ზონის ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. ნაპირდაცვის სამუშაოებთან ერთად, სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია-არსებული ღრმულის შევსების სამუშაოებიც მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1 434 436 ლარია.

მათივე ცნობით, ნაპირდაცვითი სამუშაოების განხორციელებით, უხვი ნალექის დროს, ანაკლიის დატბორვის საფრთხე მოიხსნება.

"აგრეთვე, შპს „ანაკლია-რესორტი“, მუდმივად ახორციელებს სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობის სამუშაოებს. რაც შეეხება აკვა-პარკს, ზუგდიდის მერიამ, 10-წლიანი სარგებლობის უფლებით, ინვესტორს გადასცა. აკვა-პარკის ინვესტორისთვის გადაცემის შემდგომ, შპს ანაკლია-რესორტმა მიიღო ეკონომია, რომელიც მიმართული იქნება სანაპირო ზოლის მოვლა-პატრონობისკენ. ანაკლიაში, იმართება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფესტივალები. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ART-კოლხი” 2015 წელს დაფუძნდა. ფესტივალს წლების განმავლობაში სტუმრობდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ლიტვა, უკრაინა, ბულგარეთი, თურქეთი სამხრეთ ამერიკა-კოლუმბია, ბელარუსი, ლატვია, რუმინეთი. ფესტივალის მიზანია კულტურის სფეროში საერთაშორისო მასშტაბით გამორჩეული ნიჭიერი, შემოქმედი, ადამიანების, კოლექტივების, ანსამბლების გამოვლენა, წარდგენა საზოგადოების წინაშე. მიმდინარე წელს გაიმართა პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფესტივალი “კოლხი და..“ , ფესტივალი „მომავლის ხმები“. ანაკლიაში, სეზონურად სხვადასხვა შემეცნებითი , სპორტული, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებები იგეგმება“, - ესაა ინფორმაცია, რომელიც ზუგდიდის მერიამ BMG-ის კითხვებზე პასუხად მოამზადა.

„ანაკლიაში მიტოვებულ შენობებში ბალახებია ამოსული“

ანაკლიაში მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა პარლამენტის ფრაქცია ‘’ნაცინალური მოძრაობის’’ წევრი ანა წითლიძეც. მისი თქმით, ანაკლიაში ინფრასტრუქტურის მხრივ, ფაქტობრივად, ახალი არაფერი არ გაკეთებულა და რაც აშენებული იყო, მასაც დრო და მოუვლელობა ანადგურებს.

„ნაპირსამაგრი სამუშაოები რომ არ შესრულდა, ზღვამ მთლიანად გაანადგურა სანაპირო; ინფრასტრუქტურის მხრივ, ფაქტობრივად ახალი არაფერი არ გაკეთებულა საერთოდ. პირიქით, რაც აშენებული იყო სასტუმროები თუ ანაკლიის ხიდი ნადგურდება მოუვლელების გამო. არის შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი“, რომელსაც დაფინანსება მილიონ ლარზე მეტის დაფინანსება აქვს და 90% მხოლოდ ხელფასებში იხარჯება; კურორტი კი მოვლა-პატრონობის გარეშეა. მიტოვებულ შენობებში ბალახებია ამოსული და მუნიციპალიტეტი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას“, - აცხადებს ანა წითლიძე.

BMG ეცდება, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და უკვე ახალ სსიპ-ს კურორტების განვითარების კომპანიას ჰკითხოს - რა კეთდება ანაკლიის, როგორც კურორტის განვითარებისთვის, თუმცა პასუხი ისედაც ვიცით - რაც კეთდება, ის ჩანს. და მაინც, ანაკლიელების ტურისტების მოლოდინში რჩებიან. ადგილობრივებს ასევე სჯერათ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც აუცილებლად აშენდება.





მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა