მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიაში მტვრის პრობლემის მოგვარება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა – თედ ჯონასი

5fb2add16cb0c
ანუკა ჯოხაძე
16.11.20 22:19
1170
ანაკლიაში მტვრის პრობლემის მოგვარება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა,-ამის შესახებ bm.ge-ს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თედ ჯონასმა განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტამდე, ამაზე ზრუნვა, კონსორციუმის ვალდებულება იყო. მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა სახელმწიფოს მიაწოდა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო მტვრის პრობლემის გადაჭრა, თედ ჯონასი ამბობს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად ხელისუფლებას თითი არ გაუნძრევია.

"ვიცოდით, რომ აუცილებელი იყო ნაბიჯების გადადგმა მტვრის პრობლემის მოსაგვარებლად და ხელისუფლებას ჩვენი გეგმაც კი გადავეცით, სადაც გაწერილი იყო, როგორ ვაპირებდით ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას, რაზეც მათგან პასუხი არც მიგვიღია. თითიც არ გაუნძრევია ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად",- აცხადებს თედ ჯონასი.

ანაკლიაში მცხოვრები მოსახლეობა მტვრის პრობლემის გამო წუხს. პორტის მინდებარედ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყოველი ქარის დროს, დიდი რაოდენობის მტვერი მათ საკუთრებას აზიანებს.

საქმე იმაშია, რომ 2018 წელს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პორტის საპროექტო ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, მაშინ ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა 110 ჰექტარ მიწაზე გრუნტის გასამყარებლად დაიყარა. ინვესტორის ვალდებულება იყო გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან დაეცვა და ტერიტორია ემართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავრობასა და კონსორციუმს შორის ურთიერთობა დაიძაბა, პორტის მშენებლობის დაწყება გაჭიანურდა და 2020 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა, პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით დაპაუზდა.