მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიაში „ქვიშის გორების“ პრობლემა პორტის ახალი ინვესტორის მოძიების შემდეგ მოგვარდება-სამინისტრო

60d33ffbb9c47
თელარა გელანტია
23.06.21 18:15
928
ანაკლიაში „ქვიშის გორების“ პრობლემა პორტის ახალი ინვესტორის მოძიების შემდეგ მოგვარდება. აღნიშნული პასუხი bm.ge-მ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიიღო.

საქმე ისაა, რომ 2018 წელს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პორტის საპროექტო ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა და მაშინ ზღვიდან ამოტუმბული 5 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა 110 ჰექტარ მიწაზე გრუნტის გასამყარებლად დაიყარა. ინვესტორის ვალდებულება იყო გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან დაეცვა და ტერიტორია ემართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავრობასა და კონსორციუმს შორის ურთიერთობა დაიძაბა, პორტის მშენებლობის დაწყება გაჭიანურდა და 2020 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა, პროექტის განხორციელება გაურკვეველი ვადით დაპაუზდა. ინვესტორმა კი, მთელი ტერიტორია სახელმწიფოს დაუბრუნა.
მილიონობით კუბური მეტრი ქვიშა პრობლემებს უქმნის ანაკლიელებს, მაგრამ უკვე მესამე წელია, მათ ვერც - ადგილობრივი და ვერც ცენტრალური მთავრობა ეხმარება.

„რაც შეეხება სამშენებლო არეალში განთავსებულ ქვიშას, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მოხდება მას შემდეგ რაც ახალი ინვესტორი დაიწყებს ძირითად სამშენებლო სამუშაოებს“, - უთხრეს bm.ge-ის ეკონომიკის სამინისტროში.

ნათია თურნავას უწყებაში ირწმუნებიან, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული პროექტია.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ კონტრაქტი გააფორმა ავტორიტეტულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან (Maritime & Transport Business Solutions B.V.). კონტრაქტის შესაბამისად, კომპანია უმოკლეს პერიოდში (8-9 კვირა) განაახლებს ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზსა და ბიზნეს მოდელს, ასევე, მოხდება ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა.

ზემოხსენებული სამუშაოს შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო უზრუნველყოფს სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ინიცირებას. ახალი ინვესტორის შერჩევის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს“, - ნათქვამია წერილობით პასუხში.