მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ნათია თურნავას პასუხობს

616ee8495bae6
BM.GE
19.10.21 19:45
1014
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას მიერ 18 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. მინისტრმა გუშინ თქვა, რომ “საარბიტრაჟო დავამ, რომელიც პორტის წინა ინვესტორის მხრიდან არის გაჩაღებული, ამ პროექტს გარკვეული დარტყმა მიაყენა”.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კი დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების შეჩერება არა საარბიტრაჟო დავამ, არამედ თავად საქართველოს მთავრობის მიერ კონსორციუმთან არსებული შეთანხმების გაწყვეტამ და პროექტის წინააღმდეგ მიზანმიმართულმა ნაბიჯებმა განაპირობა.

“პროექტთან დაკავშირებული საჯარო მოვლენები ნათელი და ყველასათვის ცნობილია: მიმდინარე არბიტრაჟამდე გაცილებით ადრე ამ ხელისუფლებამ და მისმა ლიდერებმა მკაფიო გზავნილით მიმართეს საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას:
„ჩვენ არ გვსურს თქვენი ჩართულობა და ამ პროექტის წარმატება.

მიმდინარე საარბიტრაჟო სარჩელი შეტანილ იქნა ინვესტორების ინტერესების დასაცავად, მთავრობის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეჩერების შემდგომ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავრობის აგრესიული და პროექტისა და მისი მთავარი ინვესტორების განადგურებაზე გათვლილი კამპანია დაიწყო.

მთავრობამ, ფაქტობრივად, ყველა ღონეს მიმართა, რომ პროექტი შეეჩერებინა, ხოლო მთავრობის მიერ პროექტის რიტორიკული მხარდაჭერის შემოთავაზება შედეგია იმ წნეხისა, რომელიც მომდინარეობს აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, რომლებიც აცნობიერებენ ანაკლიიის ღრმა-წყლოვანი პორტის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მართლაც, როგორც პანდორას მასალებიდან ირკვევა, მმართველ პარტიაში არიან პირები, რომლებიც ფინანსურად პირადად დაზარალდებიან, ფოთის პორტთან და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დაკავშირებული დანაკარგების ფონზე, თუ კი ანაკლიის პროექტი გაგრძელდება.

მთავრობა ახლა სერიოზული პრობლემის წინაშეა: ქართული ეკონომიკა ამ პროექტს საჭიროებს; მთავრობა აღიარებს, რომ პროექტის მომავალი საფრთხის ქვეშაა; ამ მოსაზრებას ასევე ადასტურებენ მთავრობის მიერ დაქირავებული ექსპერტებიც; მთავრობას არ გააჩნია კაპიტალი რომ თავად დააფინანსოს ეს პროექტი და მთავრობა ახლა დაპირდა აშშ-სა და ევროკავშირს იმას, რისი შესრულებაც მას არ შეუძლია.

„ვიდრე არბიტრაჟი არ დასრულდება, რასაც შეიძლება კიდევ ორი წელი დასჭირდეს, ვერცერთი ტენდერი ვერ იქნება წარმატებული. მთავრობას კი ამ საკითხის მარტივად გადაწყვეტა შეუძლია: თავად არ შეუშალოს ხელი, გვერდით გადადოს პოლიტიკური ინტერესები, გამოიჩინოს ნება - განავითაროს პროექტი და გადადგას სათანადო ნაბიჯები, რომელიც საერთაშორისო ინვესტორებს რწმენას დაუბრუნებს. ან შეუძლია განაგრძოს დაწყებული გზა, იხილოს ტენდერების ჩავარდა, რისკის ქვეშ დააყენოს არბიტრაჟის მოგება და შესაბამისად მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგი და შეაჩეროს პროექტი განუსაზღვრელი ვადით, რუსების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებაში.