მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი: ვთვლით, რომ ახლა ბურთი მთავრობის მხარესაა

5da477b95eff5
შოთა ტყეშელაშვილი
14.10.19 17:33
870
ანაკლიის განვითარების აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა რამდენიმე წუთის წინ, ანაკლიის პორტის პროექტის მიმდინარეობის შესახებ განმარტება გააკეთა. ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმმა კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლად მთავრობას სამი კანდიდატი წარუდგინა, რომელთაგან ორი Meridan Capital Limited-ი და ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ია. ლევან ახვლედიანის თქმით, მესამე კანდიდატი ამერიკული ფონდია, რომლის სახელსაც ის ამ ეტაპზე საჯაროდ ვერ დაასახელებს. 

კონსორციუმის დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ბურთი მთავრობის მხარესაა, შესაბამისად, კონსორციუმის წინადადებაზე პასუხი სწორედ ხელისუფლებამ უნდა გასცეს.

"რაც შეეხება ვადებს და ინვესტიციებს, ამ საკითხზე, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ - ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა შეგვიძლია გითხრათ შემდეგი - ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული წინადადება მთავრობასთან, რომელიც ითვალისწინებს თავის თავში ისევ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას, რათა ერთობლივი ძალებით იქნას გადაჭრილი ყველა საჭირო საკითხი იმისათვის, რომ მოხდეს პროექტში ინვესტორების და ბანკების საბოლოო დაფიქსირება. ეს წინადადება წარდგენილი იქნა საინვესტიციო შეთანხმების ფარგლებში, რაც სამწუხაროდ, დამატებითი განცხადების გაკეთებისგან მე მზღუდავს, რაც ხელშეკრულების კონფიდენციალური ხასიათით არის განპირობებული. ჩვენ ვთვლით, ახლა არის ბურთი მთავრობის მხარეს, რომ ამ კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია მოვისმინოთ, რაც აქამდე არ მოგვისმენია.

კონკრეტული ინვესტორების მხრიდან არსებობს მზაობა იმისთვის, რათა ჩაერთონ პროექტში, მათი ნაწილის სახელი თქვენ იცით (მერიდიანი და ვან-ოორდი). არის კიდევ ერთი ამერკული ფონდი დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ, ჯერ უნდა გადაწყდეს და შეჯერდეს ეს პოზიცია როგორ მივდივართ წინ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა როგორ მივიყვანოთ ერთობლივი ძალებით პროექტი წარმატებამდე.

"კონტი ჯგუფის" გასვლაზე თანხმობა სახელმწიფოს ჯერ არ განუცხადებია. მის ერთ-ერთ ჩამონაცვლებლად მერიდიანი მოიაზრება, ამერიკული ფონდიც არის ასევე ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ჩამნაცვლებლად განიხილება.

არის რიგი საკითხები გადასაწყვეტი, მათ შორის ტრაფიკის საკითხი, ბანკების 8-პუნქტიანი მოთხოვნების ნაწილში მოთხოვნები არის დასაზუსტებელი", - ამბობს ახვლედიანი. 

შეგახსენებთ, რომ დღესვე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით განცხადება კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. ხაზარაძის განცხადებით, სახელმწოფო დღეს ამ პროექტის წარმატებით დაინტერესებული არაა. 

„ბოლო შეხვედრა ბანკებთან სახელმწიფოს წარმომადგენლებს ჰქონდათ რამდენიმე თვის წინათ, მას შემდეგ არანაირი ინტერაქცია, არანაირი კითხვა, არანაირი გამოსავლის ძებნა სახელმწიფოს მხრიდან, თუ რას ფიქრობენ ბანკები, არ იყო… მსგავსი პროექტები ასე არ კეთდება. წელიწადში ორჯერ რომ შეხვდები ბანკებს და ისიც ბანკების სურვილით და მერე დაჯდები და ელოდები კაბინეტში, რა შეიძლება მოხდეს, ასეთი პროექტები ამ რეჟიმში არ კეთდება. 

მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო და მისი სტრუქტურები არ არიან დაინტერესებულები თემის ფორსირებით დასაკითხების სწრაფად გადაწყვეტით. რა არის ამის მიზეზი, მოსახლეობა და ჩვენი მოქალაქეები შევიტყობთ, მეც მაინტერესებს, ყველაფერს ფარდა აეხდება“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.