მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სააგენტო მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს პასუხობს

5d7f91829e704
ლიკა გურაბანიძე
16.09.19 18:29
1167
“ვიცე–პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინგლისელ ინვესტორს უთხრა, “თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდებაო”, - ეს განცხადება საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გუშინ “მთავარ არხზე“ გააკეთა, სადაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის ინვესტორებისთვის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისშემშლელ ფაქტებზე ისაუბრა.

"ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ (იგულისხმება 14 სექტემბერი) გაფრინდნენ, ეს არის ინგლისური კომპანია, ფონდი, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, ოქმიც არსებობს, რომელიც გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა პირდაპირ დააფიქსირა ეს სიტყვები – ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ეს არის კომპანია "მერიდიანი", საინვესტიციო ფონდი", – თქვა ხაზარაძემ 15 სექტემბერს “მთავარ არხზე“.

Bm.ge მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისთვის რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა.

უწყებამ bm.ge-ის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ჯავახაძის ვიდეო-კომენტარი გამოუგზავნა, რომელშიც ჯავახაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სააგენტოს კომპანია „მერიდიან კაპიტალის“ მოწონების შესახებ წერილი ოფიციალურად წარუდგინა და ახლა მთავრობას 28 კალენდარული დღე აქვს იმისთვის, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლოს.

„მოგეხსენებათ, რომ საინვესტიციო შეთანხმების შესაბამისად, ინვესტორის აქციონერთა სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება საქართველოს მთავრობის თანხმობას საჭიროებს. შესაბამისად, ჩვენ ამჟამად საერთაშორისო და ადგილობრივ კონსულტანტებთან ერთად განვიხილავთ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, რისთვისაც 28 კალენდარული დღე გვაქვს.

ამ პერიოდში მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება. დოკუმენტაციის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება. ჩვენ კომპანიის საქმიანობას, რეპუტაციას და მის ფინანსურ მდგომარეობას შევისწავლით. ასევე მოხდება შეფასება გეოპოლიტიკური კომერციული თუ სახელმწიფოს უსაფრთხოების კრიტერიუმების გათვალისწინებით. გასულ კვირას ინფრასტრუქტურის სამინისტროში კომპანია "მერიდიანთან" შეხვედრა გაიმართა. ეს შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და როგორც უკვე აღვნიშნე, ახალი აქციონერის შემოსვლა პროექტში ოფიციალურ თანხმობას მთავრობის მხრიდან საჭიროებს, რაც თავის მხრივ, სამართლებრივი პროცედურაა. შესაბამისად, ასეთი ტიპის გაცნობით შეხვედრებზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია“, - განმარტა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ჯავახაძის განმარტებით, კონსორციუმთან თანამშრომლობა გრძელდება.

„კონსორციუმთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა გრძელდება ჩვენ ახლო მომავალში კომუნიკაციას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ველოდებით იმისათვის, რომ დაიგეგმოს მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის კონკრეტული თარიღები", - აცხადებს დავით ჯავახაძე.