მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი: ვფიქრობ, ვადებზე საუბარი არ არის კონსტრუქციული

5da6e7e12ebc7
შოთა ტყეშელაშვილი
16.10.19 13:55
1495
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებას პასუხობს. ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას კონტრაქტის არშეწყვეტასთან დაკავშირებით. თუმცა, ამასთანავე, ის აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვერ გამართავს და ამ პროცესში მთავრობის მხრიდან თანადგომა და ხელშეწყობაა აუცილებელი. 

მაია ცქიტიშვილმა კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის მოცულობის სესხზებზე წინასწარი თანხმობის მოპოვებისთვის ვადა 31 დეკემბრამდე მისცა. ლევან ახვლედიანის თქმით, ამ ეტაპზე ვადებზე საუბარი არაკონსტრუქციული იქნება და მთავარ პრიორიტეტს მთავრობას, კონსორციუმს, ახალ ინვესტორებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საქმიანი დიალოგის უზრუნველყოფა წარმოადგენს. 

"ცალმხრივად, მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ამ პროექტს ვერ განახორციელებს. თუ არ იქნება ამ დაბრკოლებების ერთობლივი გადაწყვეტა, პროექტი წარმატებით ვერ დასრულდება. არის რიგი საკითხები ფინანსურ ინსტიტუტებთან დაკავშირებით, რომელიც მათ მიერ იქნა დაყენებული, SSA-ს საკითხი თუ სხვა საკითხები, მათ შორის კაპიტალში მონაწილეობისთვის მზადყოფი ბიზნესებთან გასაუბრება, მათი დაფიქსირება ამ პროექტში ამაში მთავრობამ ასევე აქტიური როლი უნდა ითამაშოს. 

[მოახერხებთ თუ არა წლის ბოლომდე ფინანსურ დახურვას?] მე ვადებზე არ გავამახვილებ ყურადღებას, ვფიქრობ, რომ ვადებზე საუბარი არ არის კონსტრუქციული. რაც შეეხება რისკების დაზღვევას, გუშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ამ საკითხს მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ აგვარებს, აქ ერთობლივად უნდა დავსხდეთ - ფინანსური ინსტიტუტები, მთავრობა, ახალი ინვესტორები უნდა დასხდნენ, რომლებიც შემოუერთდებიან პროექტს და ამ ერთობლივი ძალებით უნდა გამოინახოს უპრიანი გზა. რისკი არის დასაზღვევი. ეს იქნება ერთობლივი ძალებით გადაწყვეტილი. ცალმხრივად ეს არ გამოდის,"- ამბობს ლევან ახვლედიანი. 

ლევან ახვლედიანის განცხადება:



შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მთავრობისთვის შუალედური ვალდებულების შესრულების ვადა 15 ოქტომბეტრს ამოეწურა. კონსორციუმმა მთავრობას ADB-ის, EBRD-ის, OPIC-ისა და EIB-ის წინასწარი თანხმობა ჯამში $400 მილიონიანი სესხის გამოყოფის შესახებ ვერ წარუდგინა. ამასთანავე, კონსორციუმმა ვერ წარადგინა მინიმუმ $120 მილიონიანი კაპიტალის მოთხოვნა, რაც ასევე შუალედურ მოთხოვნას წარმოადგენდა.