03.სექტემბერი .2019 09:50

ანაკლიის კონსორციუმში ხაზარაძე-ჯაფარიძის შემცვლელებს ამ კვირაში დაამტკიცებენ

views 267
უკან

„მიმდინარე კვირის შუაში აქციონერთა კრება ახალი წევრების სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას დაადასტურებს, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები პროცესში უკვე ჩართულები არიან. ამ კვირაში ფორმალური პროცესი დასრულდება,“ - ამის შესახებ BM.GE-ს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების დანიშვნის შესახებ განუცხადა.

„მათი დანიშვნა რეალურად აქციონერთა კრებაზე მოხდება. ეს გადაწყვეტილია ამ პროცესს არანაირი შეფერხება არ აქვს. დე ფაქტო შეიძლება ითქვას ასრულებენ და დე იურეც უახლოეს დღეებში იქნება. აქციონერთა კრება წმინდა ფორმალობაა ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანები სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

BM.GE-ს კითხვაზე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ოფიციალური წარდგენა დანიშნულ დროს აგვისტოს ბოლოს რატომ არ მოხდა?  ბადრი ჯაფარიძე გვპასუხობს, რომ „აქციონერთა კრების გამოცხადებიდან ჩატარებამდე რა დროც სჭირდება, ის დრო არ გასულა. როდესაც აქციონერთა კრება გამოცხადდება 20-მა დღემ უნდა გაიაროს ეს კანონით არის დაწესებული. აქ არანაირი სხვა შეფერხება არ არის.“ - განმარტა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ და  ბადრი ჯაფარიძემ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდან გადადგომის გადაწყვეტილება აგვისტოს დასაწყისში მიიღეს. აგვისტოს ბოლოსთვის პარტნიორთა კრება იყო დაგეგმილი, რომელსაც მათი გადადგომის შესახებ განცხადებები უნდა დაეკმაყოფილებინა და გადაწყვეტილება მიეღო, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრების დანიშვნის შესახებ.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად წარდგენილი იყო სამი კანდიდატი: რ. მაიკლ ქაუგილი – საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, თედ ჯონასი – საერთაშორისო იურიდიული ფირმის, „Dentons“-ის უფროსი მრჩეველი და ჟან-პატრიკ ვუაზა – „Concorde Capital“-ის პრეზიდენტი . კანდიდატების დანიშვნა სწორედ აგვისტოს ბოლოსთვის დაგეგმილ პარტნიორთა კრებაზე უნდა მომხდარიყო.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მაიკლ ქაუგილი შეასრულებს, ხოლო თედ ჯონასი და ჟან-პატრიკ ვუაზა საბჭოს რიგითი წევრები იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა