მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა"

5da9e5853e954
BM.GE
18.10.19 20:40
1181
“2016 წლიდან დღემდე საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ინვესტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესულია 40-ზე მეტი ცვლილება,”- ნათქვამია BMG-ის მიერ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ პროექტის მიმდინარეობისას “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მოთხოვნით, სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დრო 6-ჯერ გადავადდა.

ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა აღნიშნული ცვლილების შედეგად, კონსორციუმს ჯამში $11 მილიონი დოლარის ოდენობის პირგასამტეხლო არ დაეკისრა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმის სასარგებლოდ პროექტში რიგი ცვლილებები შეიტანა. მათ შორის გახანგრძლივდა პროექტის განხორციელების ვადები და ის თავდაპირველად განსაზღვრული 7 ფაზის ნაცვლად, 9 ფაზად განხორციელდება. 

უფრო კონკრეტულად, სამინისტროს მონაცემებით, საინვესტიციო შეთანხმებაში შემდეგი ცვლილებები შევიდა:

“ინტერესთა გამოხატვის შედეგად, 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებულად “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” გამოცხადდა. 9-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, ინვესტორის სასარგებლოდ კონსორციუმს გაუხანგრძლივდა პორტის განვითარების ვადა და ნაცვლად 7 ფაზისა, მან პორტი უნდა განავითაროს 9 ფაზად, საპარტნიორო ფონდმა კი აიღო ვალდებულება მისცეს ინვესტორს 100 მილიონი დოლარის გრძელვადიანი (22 წლიანი) სესხი. ამ თანხას კონსორციუმი მიიღებს მას შემდეგ, რაც დადგენილ ვადაში მოიძიებს მშენებლობისათვის საჭირო სასესხო დაფინანსებას. შესაბამისად, ის სუბორდინირებული სესხის სახით გაიცემა. 2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების საინვესტიციო ხელშეკრულება.

2016 წლიდან დღემდე საინვესტიციო ხელშეკრულებაში, ინვესტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესულია 40-ზე მეტი ცვლილება, რაზეც გაფორმებულია 11 შეთანხმება. ცვლილებები ითვალისწინებდა ინვესტორის მიერ დაფინანსების მოპოვების, ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყების, პორტის ოპერატორის შერჩევის და სხვა ვალდებულებების შესრულების ვადის გაგრძელებას. ყველა ცვლილებით, ინვესტორს ჯამში არ დაერიცხა დაახლოებით 11 მილიონი დოლარი პირგასამტეხლო, კონსორციუმის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დრო კი 6-ჯერ გადავადდა.

2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად მოლაპარაკებებში ჩაერთო მთავრობა. ბანკებმა მთავრობას ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების 8-პუნქტიანი პაკეტი წარუდგინეს.

2019 წლის მაისში მთავრობა ყველა ახალ პირობას დათანხმდა, გარდა კერძო ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევისა და 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფისა. 2019 წლის 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა კონსორციუმს უნდა წარმოედგინა 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის შევსების თაობაზე მავალდებულებელი შეთანხმება, ასევე - კრედიტორებთან დაფინანსების მისაღებად გასაფორმებელი დოკუმენტის პროექტი. ეს ვადა მთავრობამ გაახანგრძლივა წლის ბოლომდე. 2019 წლის 16 დეკემბრამდე ძალაში უნდა შევიდეს სასესხო ხელშეკრულებები, რომელიც საჭიროა პირველი ფაზის ფინანსური დახურვისთვის, ხოლო 17 დეკემბრამდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორის მიერ ვალდებულებების შესრულებას,”- ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინსტროს ინფორმაციაში.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფოს კონსორციუმთან კონტრაქტის შეწყვეტის უფლება ჰქონდა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო კონსორციუმს 2019 წლის 31 დეკემბრამდე აძლევს ვადას შეასრულოს აღნიშნული ვალდებულებები.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ 16 ოქტომბერს აღნიშნა, რომ მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივების შესახებ სიცრუეს წარმოადგენს, რადგან საინვესტიციო შეთანხმების მიხედვით, კონსორციუმს ვადა ისედაც 31 დეკემბრამდე აქვს მიცემული.

“კიდევ ერთხელ მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე ანაკლიის კონსორციუმის მიმართ ვადების გაგრძელების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. მე მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ რომ ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ტყუილი, რამეთუ ვადა უკვე გაგრძელებული იყო 2019 წლის 31 დეკემბრამდე და არანაირი ახალი ვადის გაგრძელება არ მომხდარა. ეს არის მოსახლეობის და ანაკლიის გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანა,”- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.