მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულების მოშლის პროცედურა დეტალებში არ მაქვს შესწავლილი"

5da58f74a4034
თელარა გელანტია
15.10.19 13:19
870
„გაგიკვირდებათ და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების მოშლის პროცედურა დეტალებში არ მაქვს შესწავლილი“, - ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, თუ რა პროცედურების გავლაა საჭირო კონსორციუმთან ხელშეკრულების გასაწყვეტად.

„ჩვენ ველოდებით დღევანდელი დღის დასრულებას. მივცეთ საშუალება კონსორციუმს, რომ ეს ვალდებულება შეასრულოს. დანარჩენზე ვისაუბროთ ხვალ“, - თქვა მინისტრმა.

საქმე იმაშია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, თუ დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სახელმწიფოს არ წარუდგენს წინადადებას, რომელიც კონსორციუმის მიერ კაპიტალის $120 მილიონი დოლარით შევსებას და საინვესტიციო ბანკების მიერ $400 მილიონის ოდენობით სესხის გამოყოფაზე წინასწარ თანხმობას შეეხება, სახელმწიფოს ექმნება უფლება, 16 ოქტომბრიდან კონსორციუმთან დადებული შეთანხმება შეწყვიტოს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაია ცქიტიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მთავრობა მზად არის, ხელი შეუწყოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულებაში, მაგრამ სანაცვლოდ კონსორციუმისგან საკუთარი ვალდებულებების შესრულებასაც ელოდებიან.

„ველოდებით მათი მხრიდან ვალდებულების შესრულებას და ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ველოდებით და მოვითხოვთ კონსორციუმისგან, რომ არა მარტო მისი ვალდებულების შესრულების ნაწილში იყოს პირნათელი, არამედ იყოს პირნათელი საზოგადოების წინაშე პროექტის თაობაზე და მთავრობასთან ურთიერთობის თაობაზე ინფორმაციის სრულად და დაუმახინჯებელი სახით გადაცემის თაობაზე“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, როგორც BMG-მ დღეს გაარკვია, 10 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსოცრიუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართა წერილით, რომელშიც კონსორციუმი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესიდან გამომდინარე, ფორს-მაჟორის დადგომაზე მიუთითებს და სახელმწიფოსგან პორტის პროექტის განხორციელებისთვის მთავრობასთან დამატებით მოლაპარაკებებს ითხოვს.

წერილის არსებობა დღეს მაია ცქიტიშვილმაც დაადასტურა, მაგრამ ფორს-მაჟორთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან მას კონფიდენციალობის მუხლი ზღუდავს.

BM.ge ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დაკავშირებას ცდილობს.