მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანაკლიის პორტის მსგავსი პროექტები ასე არ კეთდება" - რა პრეტენზია აქვს ხაზარაძეს მთავრობასთან

5da46e86a93f6
ელენე გოგბერაშვილი
14.10.19 16:46
1342
როგორც ცნობილია, ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები სახელმწიფოსგან პორტის ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევას მოითხოვდნენ, რაზეც ორრაუნდიანი მოლაპარაკებების შემდეგად სახელმწიფოსთან შეთანხმება ვერ შედგა.

ამ პერიოდის განმავლობაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ალტერნატიული გადაწყვეტის გზა უნდა მოეძებნა, თუ ვინ ჩაუდგებოდა საფინანსო ინსტიტუტებს გარანტორად.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აღნიშნულ თემაზე კომენტირებისას არ საუბრობს, რა გადაწყვეტის გზა მოიძებნა, თუმცა აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში სახელმწიფომ არ იაქტიურა.

„ბოლო შეხვედრა ბანკებთან სახელმწიფოს წარმომადგენლებს ჰქონდათ რამდენიმე თვის წინათ, მას შემდეგ არანაირი ინტერაქცია, არანაირი კითხვა, არანაირი გამოსავლის ძებნა სახელმწიფოს მხრიდან, თუ რას ფიქრობენ ბანკები, არ იყო… მსგავსი პროექტები ასე არ კეთდება. წელიწადში ორჯერ რომ შეხვდები ბანკებს და ისიც ბანკების სურვილით და მერე დაჯდები და ელოდები კაბინეტში, რა შეიძლება მოხდეს, ასეთი პროექტები ამ რეჟიმში არ კეთდება.

მთელი პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო და მისი სტრუქტურები არ არიან დაინტერესებულები თემის ფორსირებით დასაკითხების სწრაფად გადაწყვეტით. რა არის ამის მიზეზი, მოსახლეობა და ჩვენი მოქალაქეები შევიტყობთ, მეც მაინტერესებს, ყველაფერს ფარდა აეხდება“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ:  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ფინანსური დახურვისთვის დრო ხვალ, 15 ოქტომბერს ეწურება.