მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის მშენებლობისას, პირობითად 2-3 წელს დავკარგავთ - პაატა ცაგარეიშვილი

5e1716fb55300
ვიქტორია მღებრიშვილი
11.01.20 14:20
1341
"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი გადაცემა "საქმის კურსში" მთავრობის მხრიდან "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტა ნეგატიურად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს ფაქტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის განვითარებაზე უარყოფითად აისახება.

მისი თქმით, იმის პროგნოზირებაც არ არის რთული, რომ შავი ზღვის აუზში გაზრდილი საკონტეინერო ტვირთები რუსეთის პორტების მიმართულებით გადანაწილდება, რაც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობას უკარგავს.

"ბუნებრივია მოსალოდნელი იყო, რომ ტენდერის განვითარება ასეთი გზით წავიდოდა, ამის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, აქაც რთული არ არის პროგნოზირება. მე უბრალოდ, განმარტებას გავაკეთებ, რომ იმ მომენტში, როდესაც შავი ზღვის აუზში საკონტეინერო ტვირთების ბრუნვის მოცულობა 8-10%-ით არის გაზრდილი, როდესაც ბაქოს, ალიათის, აქტაუს, კურიკის, თურქმენბაშის ნავსადგურები ჩადგნენ საკონტეინერო გადაზიდვების ფერხულში და ამ დროს ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩერდება, ეს არის აბსოლუტურად რეაგირება იმაზე, რომ საქართველო დაკარგავს იმ მიმზიდველობას და ეს ტვირთნაკადი, რომელიც ჩვენს დერეფანზე უნდა გასულიყო, გადამისამართებული იქნება მახაჩკალის და რუსეთის - ნოვოროსისკის მიმართულებით", - განაცხადა "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელმა.

პაატა ცაგარეიშვილი თვლის, რომ ვიცე-პრემეირის განცხადების პარალელურად, რომელიც კონსორციუმის მხრიდან სესხების ვადაგადაცილებას ეხებოდა, უნდა აღინიშნოს "ანაკლიის კონსორციუმის" მხრიდან პროექტში ჩადებული ინვესტიცია და ასევე ამ ინვესტიციიდან სახელმწიფოს სარგებელი. შესაბამისად, იგი მიიჩნევს რომ დავა პროექტის 2-3 წლით დაპაუზებას გამოიწვევს.

"ჩვენ პირობითად, 2-3 წელიწადს დავკარგავთ დავაში. "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" დაახლოებით 75 მლნ დოლარი აქვს ჩადებული ამ წინასაპროექტო ღონისძიებებში. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დაახლოებით 7 მლნ ეს ბიუჯეტში შენატანებია. როდესაც ვიცე-პრემიერი ვადაგადაცილებულ სესხებზე საუბრობდა, აქაც გარკვეულწილად ესეც გასათვალისწინებელია. ჩვენ გვაქვს გამოცდილება, რომ ბალტიის ქვეყნებში, ანალოგიურად რუსეთის მხრიდან დამუხრუჭებული იყო "რეალ ბალტიკის" პროექტი", - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.