16.სექტემბერი .2019 21:50

ანაკლიის პორტის პარტნიორი შესაძლოა, ყაზახი მილიარდერების დაფუძნებული Meridian-ი გახდეს

views 1523
უკან

გუშინ, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა, რომ კონტი ჯგუფის ჩამნაცვლებლად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განიხილავს კომპანია Meridian Capital Limited-ს, თუმცა, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნულ კომპანიას, პორტში მონაწილეობაზე უარი განუცხადა.

თუმცა, თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნულს არ ადასტურებს. უწყების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ჯავახაძის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მათ კონტი ჯგუფის ჩასანაცვლებლად Meridian-ის კანდიდატურა ოფიციალურად წარუდგინა. ჯავახაძის თქმით, სახელმწიფოს აღნიშნულ წინადადებაზე პასუხის გასაცემად 28-დღიანი ვადა აქვს მიცემული.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური აზიის რეგიონი ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებით ტვირთების ტრანსპორტირების ახალ მარშრუტს იღებს, რაც მთლიანად რეგიონის საექსპორტო პოტენციალის ზრდას შეუწყობს ხელს. დღეისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია, Wondernet Express-ი სწორედ ამ რეგიონს წარმოადგენს.

Meridian Capital Limited-ის საინვესტიციო პროექტების შესახებ:

Meridian Capital Limited-ი ყაზახეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პირების, ასკარ ალშინბაევისა და ევგენი ფელდის მიერ 2002 წელს დაფუძნებულ საინვესტიციო ჰოლდინგს წარმოადგენს, რომლის აქტივებიც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ვაჭრობის, უძრავი ქონების, საფინანსო, ბუნებრივი რესურსების, კვების მრეწველობისა და სხვა სფეროებში მოღვაწე კომპანიებს მოიცავს.

კომპანიის ვებგვერდის მიხედვით, Meridian- ფლობს კომპანია Novaport-ს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში აეროპორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია. კომპანიის საკუთრებას 14 ქალაქში, მათ შორის ნოვოსიბირსკში, ტომსკში, ჩელიაბინსკში, კალინინგრადში, სტავროპოლსა და სხვა ქალაქებში მდებარე აეროპორტები წარმოადგენენ. 2018 წელს კომპანია 21 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ჰოლდინგი ფლობს ლუქს კლასის სასტუმროებს რუსეთში, ყაზახეთში, ინდონეზიაში, ფრანგულ პოლინეზიასა და სხვა ქვეყნებში. კონკრეტული ობიექტების ჩამონათვალი კი ასეთია - სასტუმრო Ritz Carlton-ი მოსკოვსა და ალმაატაში, სასტუმრო და კურორტი Four Seasons-ი ბორა ბორაზე და სხვა ობიექტები.

2005-2010 წლებში, Meridian-ი სხვადასხვა სახის მხარდაჭერას უწევდა რუსული რძის პროდუქტების კომპანია Unimilk-ს, რომელიც რუსული ბაზრის მეორე, ხოლო უკრაინული ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე იყო. 2010 წლიდან კი კომპანია Danone-ის რუსულ წარმომადგემლობას შეუერთდა.

2015 წელს Meridian-მა მიანმარში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Easy Microfinance-ი დააფუძნა.

კომპანია სხვა უძრავ ქონებასაც ფლობს, მათ შორისაა სავაჭრო ცენტრები მოსკოვსა და ალმაატაში. 2012 წელს, Meridian Capital-მა სანკტ-პეტერბურგში აშენებული სავაჭრო ცენტრი „გალერეა“, კომპანია Morgan Stanley Real Estate Fund-ს 1.1 მილიარდ აშშ დოლარად მიჰყიდა. იმ დროისთვის, ეს გარიგება აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ერთ-ერთ უდიდეს ტრანზაქციას წარმოადგენდა.