მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაზღაურება გაცემულია პირზე, რომელიც აჭარის საავტომობილო დეპარტამენტში არ მუშაობდა - აუდიტი

635d4990eee8d
თამთა ჯიჯავაძე
29.10.22 21:00
654
შრომის ანაზღაურების შესწავლისას გამოვლინდა, რომ 2020 წელს „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვის“ პროგრამის ფარგლებში შრომის ანაზღაურება გაცემულია ფიზიკურ პირზე, რომელიც არ იყო დეპარტამენტის თანამშრომელი, შესაბამისად, გადარიცხვის საფუძვლები არ არის ავთენტური. ამის შესახებ აჭარის ა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

აუდიტის მიხედვით, ზემოთ ხსენებულ ჩარიცხვებს საკუთარ ანგარიშზე ახორციელებდა გადარიცხვებზე პასუხისმგებელი პირი, საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის სამსახურის უფროსი. ჯამში ჩარიცხულ იქნა 4,800 ლარი, რომელიც ზედმეტად გადახდილი თანხაა და შეიცავს თაღლითობის რისკებს. „ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა 2019 წელსაც, თუმცა ამ შემთხვევაში პირთან არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დასაქმებული პირის ანაზღაურება გაცემულია ორჯერ, ჯამში − 880 ლარი და რომელიც ჩარიცხულია ზემოთ აღნიშნული პირის ანგარიშზე. ამრიგად, ჯამში განხორციელებულია 13 საეჭვო ტრანზაქცია, რომელთა საფუძველზე გადარიცხულია 5,680 ლარი. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აუდიტორული პროცედურების დროს გამოვლინდა 24 ანგარიშის ნომერი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობის დროისათვის უკვე გაუქმებული იყო, ასევე დასაქმებულ პირთა დიდი ნაწილი აღარ მუშაობს დეპარტამენტში, შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მოიპოვა შესაფერისი რწმუნება აღნიშნული ანგარიშების მფლობელების შესახებ“, - წერია ანგარიშში.

ამრიგად, აუდიტი ასკვნის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შრომის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებიდან 5,680 ლარის 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე.

აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა დეპარტამენტმა შექმნას ისეთი შიდა კონტროლის სისტემის მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ განკარგვას და უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების დაცვას, ხოლო თაღლითობის არსებობის შემთხვევაში, მის სწრაფ გამოვლენას და რეაგირებას.

ცნობისთვუს, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დეპარტამენტში 2020 წელს დასაქმებული იყო 63 საჯარო მოსამსახურე, რომელთა შრომის ანაზღაურებისათვის გადახდილია 987,257 ლარი, ხოლო 2021 წელსდასაქმებული იყო 60 საჯარო მოსამსახურე და მათმა ანაზღაურებამ შეადგინა 953,693 ლარი. გარდა აპარატში დასაქმებული პირებისა, „საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, 2020- 2021 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა მერყეობდა 442-458 ადამიანს შორის, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2020 წელს შეადგინა 2,470,640 ლარი, ხოლო 2021წელს − 2,665,563 ლარი.