მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანიგოზი“ კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელ საწარმოს ხსნის - ინვესტიცია 3 მლნ ლარია

6067f6c41be55
მარიამ იზორია
03.04.21 20:34
3298
კომპანია „ანიგოზი“ ზაფხულში კაკლისა და ნუშის გადამამუშავებელ საწარმოს გახსნის. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3 მლნ ლარია. საწარმო პირველ მოსავალს 2021 წლის სექტემბერში გადაამუშავებს.

როგორც "ანიგოზის" დამფუძნებელი bm.ge-თან აცხადებს, საწარმო სოფელ მარტყოფში აშენდება და ნედლეულს როგორც ფერმერებისგან, ასევე საკუთარი ბაღიდან აიღებს. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროექტშია ჩართული და შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. საწარმოო ხაზი ფრანგული კომპანიის მიერ მომზადდება.

მისივე თქმით, კაკალი და ნუში მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა.

„დღევანდელი წარმოება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ არის საკმარისი და იმპორტი ხორციელდება. ბოლო წლებია, რაც ქართველმა ფერმერებმა კაკლისა და ნუშის ბაღების გაშენება დაიწყეს, ჩვენც 6 წლის წინ კახეთში კაკლის ბაღი გავაშენეთ, დავინახეთ ბაზარზე მზარდი ნედლეულის რაოდენობა, რაც ბუნებრივია გადამუშავების და მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოების აუცილებლობას წარმოშობს“, - აღნიშნავს ანა ქევხიშვილი.

„ანიგოზის“ დამფუძნებელმა BM.GE-სთან ექსპორტის პოტენციალზეც ისაუბრა.

„სოფლის მეურნეოების ამ მიმართულებაში განვითარების შესაძლებლობა დავინახეთ, ჩვენი ოჯახის ძირითადი საქმიანობა ფერადი ლითონის ჯართის გადამუშავება და ექსპორტია, ამ სფეროში საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ჩვენი კომპანიის სახელით იცნობენ, ექსპორტის გამოცდილება ახალ საქმიანობაშიც დაგვეხმარება, ჩვენი გუნდი უკვე მუშაობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის დანერგვაზე საწარმოში, რაც ხელს შეგვიწყობს საექსპორტო ბაზრებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ“ - აღნიშნა ქევხიშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ანიგოზის“ ნუში და კაკალი ბაზარზე ვაკუუმ შეფუთვით გამოჩნდება, რაც ნაწარმის შენახვის ვადას გაახანგრძლივებს. ბაზარზე ხარისხის სტანდარტის დანერგვის მიზნით, დამფუძნებლები ფრანგი აგრონომების ჩამოყვანასაც გეგმავენ.

„ბაღების სწორი მოვლა მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ამ მხრივ ცოდნის გასაღრმავებლად ფრანგი აგრონომების ჩამოყვანას ვგეგმავთ, რომლებიც მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის გაზრდაში დაგვეხმარებიან. ჩვენი მთავარი გეგმა ფერმერების მხარდაჭერაა“- ამბობს მეწარმე.

მისი თქმით, საწარმოში 30-35 ადამიანი დასაქმდება და რაოდენობა გადამუშავების მოცულობის ზრდასთან ერთად გაიზრდება.

ცნობისთვის: „ანიგოზი“ 2020 წლის მარტში დაარსდა. საწარმოს საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ანა ქევხიშვილს ელექტრონულ ფოსტაზე: Anna.anigozi@gmail.com