მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნატახტარსა და მესტიას შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე შესაძლოა გაიზარდოს

60dec143281f7
BM.GE
02.07.21 11:27
896
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი მესტიაში სამეგრელო - ზემო სვანეთში ტურისტული ბიზნესის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდა და მათთან არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავჯდომარე სოზარ სუბარი. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე ვითარებაზე, დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის სამთავრობო გადაწყვეტილებებზე, მათ შორის, ტურისტული ინდუსტრიის მხარდამჭერ ღონისძიებებზე. უწყების ცნობით, სვანეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შორის განსაკუთრებულად დიდი ინტერესი გამოიწვია მესტიასთან რეგულარული რეისების გაზრდის შესაძლებლობამ.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა კერძო სექტორთან. ვისაუბრეთ მიმდინარე გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც გლობალურად ტურიზმის სექტორი დგას, ასევე იმ შესაძლებლობებზე და აღდგენის სწრაფ ტემპზე, რომელსაც ვხედავთ ავიაციისა და ტურიზმის სექტორში. ასევე ვიმსჯელეთ ნატახტარსა და მესტიას შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაზე,“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული და მთის კურორტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ჭირაქაძე.