მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადება სწორი გადაწყვეტილება იყო - ნარმანია

64253fc4cc35f
მარიამ ვარადაშვილი
30.03.23 11:56
411
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის გახსნის ზაფხულამდე გადავადება სწორი გადაწყვეტილება იყო. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს უთხრა, ამ პერიოდში საბალანსო ენერგოობიექტები თითქმის სრული დატვირთვით იმუშავებენ, რაც ახალ სისტემაზე გადასვლისას გარკვეულ რისკებს დააზღვევს. კერძოდ, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესების კასკადი" დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლები არიან და ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების დღისთვის აუცილებელია, რომ ორივე სადგური მზად იყოს დადგმული სიმძლავრის სულ მცირე 70-80%-ის გამომუშავებისთვის.

“ბაზარი ზაფხულისთვის გასახსნელად მზად იქნება. როდესაც ამ საკითხზე იყო მსჯელობა ხაზი გაესვა იმას, რომ ზაფხულის პერიოდი ბაზრის გახსნისთვის უკეთესია, რადგან ახლა იწყება შედარებით უხვი ნალექის პერიოდი, თოვლის დნობა, გაზაფხულის წვიმები, რის გამოც მარეგულირებელმა ჰესებმა [ენგურჰესი და ვარდნილჰესი] მეტი ენერგიის გამომუშავება უნდა შეძლონ. ბალანსისთვის სწორედ იაფიანი წყაროების მიწოდებაა აუცილებელი და ისინი 70-80%-იანი დატვირთვით მაინც უნდა მუშაობდნენ, რათა ახალ სისტემაზე უმტკივნეულოდ გადავიდეთ. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, რაც წინა გადავადების მიზეზი იყო, ფაქტობრივად უცვლელია და საომარი მდგომარეობა კვლავ მიმდინარეობს. გარდა ამისა, თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასი ჯერ კიდევ მაღალია. ამიტომ, ბაზრის გახსნის კიდევ სამი თვით გადავადება საუკეთესო პერიოდია და ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორი იყო”,-აცხადებს ნარმანია.

ცნობისთვის, მთავრობამ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კიდევ ერთხელ, ამჯერად 1-ელ ივლისამდე გადაავადა. წესით, ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ აპრილს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ის კიდევ რამდენიმე თვით გადაიდო. ეს რეფორმის დაწყების მეხუთე გადავადებაა.