მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ANOVA: მოსახლეობის 52% ფიქრობს, რომ საჯაროსგან განსხვავებით, კერძო სკოლებში შესაძლებელია კარგი განათლების მიღება

606c9bac2c7f8
მარიამ ადამია
06.04.21 23:15
789
როგორ აფასებს ქართველი მოსახლეობა განათლების დონესა და პანდემიის პერიოდში ონლაინ სწავლების ეფექტებს? - ამით კვლევითი კომპანია ,,ანოვა’’ დაინტერესდა და მოსახლეობის დამოკიდებულებების გამოსავლენად სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარ. კვლევაში მონაწილეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 758-მა მოქალაქემ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიიღო, რის შედეგად ვლინდება, რომ განათლების სფეროს უფრო მეტად პრობლემატურად მიიჩნევენ თბილისის მაცხოვრებლები, ვიდრე რეგიონის და საკითხს ქალები კაცებზე მეტად განიცდიან.

ასევე მოსახლეობის ნახევარი (52%) ფიქრობს, რომ საჯაროსგან განსხვავებით, კერძო სკოლებში შესაძლებელია კარგი ზოგადი განათლების მიღება. განსხვავება არ გამოკვეთილა უმაღლესი განათლების მიმართ დამოკიდებულებებში, სადაც კერძო და საჯარო უნივერსიტეტების მიერ უზრუნველყოფილი განათლების ხარისხის აღქმა მსგავსია.

საგულისხმოა ისიც, რომ მოსახლეობის აზრით, დისტანციური სწავლების პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ხარისხი გაუარესდა (74%). ამასთან, ზოგადად, განათლების დონეც, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, შემცირებულად მიიჩნევა (75%).

გარდა ამისა, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დღეს სკოლის მოსწავლეების უმეტესობა ამჟამად სასწავლო პროცესს გაკვეთილზე ფიზიკური დასწრებით აგრძელებს. გამოკითხულთაგან ყოველი მეხუთე მშობლის შვილი ჰიბრიდულ სწავლებაზეა. ხოლო, სრულიად ონლაინ რეჟიმზეა გამოკითხულთა 11%. მშობლების მესამედზე მეტი ფიქრობს, რომ მოსწავლეები დისტანციური განათლებით სრულიად უკმაყოფილონი არიან.