მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ANOVA: საკლასო ოთახებში სწავლას უფრო მეტად რეგიონებში მცხოვრები მშობლები ემხრობიან

606dce3b7e688
თელარა გელანტია
08.04.21 10:15
486
მშობლების უმრავლესობას, COVID-19-ის პანდემიის პირობებში არსებული სირთულეების მიუხედავად, სურს, სასწავლო პროცესი გაკვეთილზე ფიზიკური დასწრებით გაგრძელდეს. ამასთან, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებიდან წარმართვას უფრო მეტად რეგიონებში მცხოვრები მშობლები (88%) ემხრობიან, ვიდრე - თბილისში (75%).

როგორც კვლევითი კომპანია ANOVA ვარაუდობს, მშობლებს სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში წარმართვა სწავლების ხარისხთან გაჩენილი ეჭვების გამო სურთ. კითხვაზე - თუ რა გავლენა ჰქონდა COVID-19-ის პანდემიის გამო შემოღებულ შეზღუდვებს მათ შვილებზე, მშობლების პასუხების მიხედვით, პანდემიის პერიოდში შემოღებულმა შეზღუდვებმა უარყოფითად იმოქმედა ბავშვების ფიზიკურ აქტივობებზე (61%), სოციალურ ურთიერთობებსა (59%) და ემოციურ მდგომარეობაზე (56%).

ამასთან, ფიზიკურ აქტივოებზე, სოციალურ ურთიერთობებსა და ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენის ფონზე, COVID-19-ის პანდემიის დროს ქვეყანაში შემოღებულმა შეზღუდვებმა დადებითად იმოქმედა მოზარდების ვირუსებისგან დაცვაზე (მშობლების - 42%). ამ მიმართულებით ცვლილებას ვერ ამჩნევს მშობლების 31%.

ასევე მშობლების (83%) უმეტესობის თანახმად, მოზარდები დისტანციურად უფრო ნაკლებს სწავლობენ, ვიდრე სკოლაში ფიზიკური დასწრებისას. ამასთან, მოზარდების აკადემიურ ცოდნასა და განათლებაზე ნეგატიური ეფექტის მქონედ შეფასდა ზოგადად, პანდემიის პერიოდში საქართველოში შემოღებული შეზღუდვები (52%).

გარდა ამისა, ANOVA-ს კვლევის თანახმად, სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით, სტუდენტები უფრო მარტივად გაუმკლავდნენ ონლაინსწავლებას და უკმაყოფილებაც შედარებით დაბალია. ონლაინსწავლების მიმართ უკმაყოფილებას სტუდენტების მხოლოდ მეხუთედი აფიქსირებს. ამჟამად, გამოკითხული სტუდენტების უმეტესობა განათლებას სწორედ ონლაინრეჟიმში იღებს და სწავლების ეს მეთოდი მოსწონთ . მიუხედავად ამისა, სტუდენტების უმრავლესობა აღიარებს, რომ სწავლის ხარისხი შემცირებულია და დისტანციურ რეჟიმში შედარებით ნაკლებს სწავლობენ.