მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტებს არ აინტერესებს სასტუმროს პერსონალი გატესტილი იქნება თუ არა“ - ალავერდაშვილი

602bb190c469c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.02.21 23:00
974
სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების გახნის შემდეგ, შეზღუდვებით განაახლეს მუშაობა კვების ობიექტებმაც, თუმცა მათ, ისევე როგორც სასტუმროებს, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით არათანაბრად ოპერირებენ, თანამშრომლების კოვიდ-19-ზე გატესტვა ჯერ არ ევალებათ. ეკონომიკის მინისტრის თქმით კი სახელმწიფო, სპეციალისტები და ბიზნესი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა ტესტირებების საკითხზე ერთად იმსჯელებს. თურნავა მიიჩნევს, რომ სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესების მიერ დასაქმებულთა ტესტირება მარკეტინგული ნაბიჯი იქნება და რომ უცხოელი ტურისტებისთვის ეს უსაფრთხოების გარანტი იქნება.

როგორია დარგის წარმომადგენლების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რამდენად საჭიროა დღეს სექტორში დასაქმებული ადამიანების ტესტირებების ჩატარება და შეძლებს თუ არა დარგი ამ ხარჯის გაწევას - ამ კითხვებით BM.GE-მ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს შალვა ალავერდაშვილს მიმართა. ის ამბობს, რომ იმ ქვეყნების ტურისტებისთვის, სადაც კოვიდ-ვაქცინაცია მასობრივია, ეს საკითხი მეორეხარისხოვანია.

"ახლა ვმუშაობთ ისრაელთან, სადაც მოსახლეობის დიდი რაოდენობა უკვე აცრილია და არ აინტერესებთ აქ პერსონალი გატესტილი იქნება თუ არა. მთავრობა რომ ვიყო, მეც ასე ვიტყოდი, ჩვეულებრივი ნარატივია, თუმცა ტურისტისთვის არაფერს ნიშნავს. ტურისტისთვის მთავარია ჩამოვიდეს საქართველოში, ხარისხიანი სერვისი მიიღოს, კარგი საუზმე მიირთვას, კარგი ადგილები დაათვალიეროს და ა.შ. რისი საშუალებაც ჩვენ ახლა არ გვაქვს. იმასაც კი ვერ ვეუბნებით პოტენციურ ტურისტებს, როდის შევძლებთ ამ სერვისის მიწოდებას“, - ამბობს ალავერდაშვილი და დასძენს რომ დარგს იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონი დაგეგმოს და უცხოელი პარტნიორებიდან ჯავშნები მიიღოს, გაწერილი სამოქმედო გეგმა სჭირდება, რომლის მიხედვითაც პოტენციურ მომხმარებელს კონრეტულ პასუხებს გასცემენ - როდიდან და როგორ შეძლებენ მათ მიღებას.

„იმ პრივილეგირებულ სასტუმროებს, რომლებიც ბორჯომში ან კახეთში საკმაოდ კარგი დატვირთვით ოპერირებენ, განსხვავებით გუდაურისა და ბაკურიანისგან, უღირთ რომ დასაქმებულებს ტესტირებები ჩაუტარონ. მე კი უნდა დავინახო რომ სასტუმროს გახსნა მიღირს, რაც ნიშნავს ჯავშნების მიღებას, დათვლას, გაზრდილ კომუნალურებთან შედარებას. რეგიონში ფასები განახევრებულია და ტურისტების მოზიდვა საკმაოდ დაბალი ფასების ხარჯზე ხდება. წლევანდელი წელი მხოლოდ გახნის წელი იქნება და არავინ მოგებას არ უნდა ელოდოს. როდესაც ამ ყველაფერს დავითვლით და შევხედავ, რომ ტესტირების თანხაც შევიდა ხარჯებში, მე მაშინ გავიხსნები. ყველაფერი თვლადია. თუ მე დატვირთვა მექნება ნამდვილად ავიტან ტესტირების ხარჯსაც და თუ არ მექნება, მხოლოდ ტესტირების თანხაზე ბევრი რამ დამოკიდებული არ არის“, - განმარტა შალვა ალავერდაშვილმა.