მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიდემპინგის შესახებ განაცხადებს კონკურენციის სააგენტო 1 ივნისიდან მიიღებს

60815002c0f97
ელენე გოგბერაშვილი
21.04.21 22:17
909
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის ანგარიშის მიხედვით ხუთი ბაზრის მონიტორინგი და სამი მოკვლევა დაასრულა.

2020 წელი, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსთვის გამორჩეული იყო იმითაც, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა და ძალაში შევიდა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის აღსრულებაც კონკურენციის სააგენტოს დაევალა.

ანტიდემპინგის საკითხებთან დაკავშირებით განაცხადების მიღებას კონკურენციის სააგენტო უკვე 1 ივნისიდან დაიწყებს. სპეციალური დეპარტამენტი დაკომპლექტებულია და ის ამ ეტაპზე ხუთი წევრისგან შედგება. ახლა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, თუ როგორ უნდა მოხდეს შესწავლა, აქვს თუ არა დემპინგს ადგილი, მთავრობამ უნდა დაამტკიცოს. შენიშვნებისთვის კონკურენციის სააგენტოს დოკუმენტი უკვე გაგზავნილი აქვს ბიზნეს ასოციაციებში და შესაბამის პროფილურ სამინისტროებში, რომლის საჯარო განხილვები სავარაუდოდ მომავალ თვეში უნდა გაიმართოს.

„ვმუშაობთ აქტიურად იმ კანონქვემდებარე დოკუმენტებზე, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს და მზად უნდა იყოს 2021 წლის 1 ივნისისთვის, როდესაც ჩვენ შეგვეძლება განაცხადების მიღება სხვადასხვა ინდუსტრიებიდან. კერძოდ ეს არის შესწავლის წესი, როგორ უნდა მოხდეს შესწავლა ანტიდემპინგის კონკრეტული ქეისების, ტარიფის ადმინისტრირების წესი და წესი, თუ როგორ უნდა მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილებები, რადგან 1 ივნისამდე აღნიშნული დადგენილებები იქნება ძალაში.

ახლაც სხვადასხვა ქეისებს ვამუშავებთ, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარეობს იმისათვის, რომ ჩვენი დეპარტამენტი მომზადებული შეხვდეს იმ განაცხადებს, რომელიც ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქნება ივნისიდან და ამ კუთხით ადგილობრივი ინდუსტრიები აქტიურები იქნებიან.

კანონმდებლობაში გაწერილია რიგი საკითხები, თუმცა შესწავლის წესი კიდევ უფრო დეტალურად განსაზღვრავს განაცხადის შემოტანის და მისი დამუშავების პროცესს და დასკვნის წარდგენის პროცედურებს. ადგილობრივი ინდუსტრიების 50%-ზე მეტი უნდა იყოს მოთხოვნის გამკეთებელი, რომ ჩვენ კონკრეტული საკითხი დასაშვებად ვცნოთ და მათი ერთობლივი წილი არანაკლებ 25%-ი უნდა იყოს ბაზარზე.

ბუნებრივია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები როგორია სხვაობა იმ ქვეყანაში, საიდანაც ექსპორტი ხორციელდება ფასსა და საქართველოში შემოტანილის ფასს შორის და აქედან გამომდინარე რა ზიანი ადგება ადგილობრივ ინდუსტრიას. ჩვენი შესწავლის პროცესი გულისხმობს ეს საკითხები გადამოწმდეს და ამის შემდეგ იქნას დასკვნა წარდგენილი მთავრობისთვის, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას მაკომპენსირებელი ტარიფების შესახებ“, - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.