მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიდემპინგური კანონის აღსრულება 2021 წლის 1 ივნისს დაიწყება - გენადი არველაძე

5ede41fe5f313
დავით ჯალაღონია
08.06.20 17:58
1447
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონი ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა, თუმცა პრაქტიკაში ქვეყანა მას მომავალი წლის ივნისიდან გამოიყენებს. ამის შესახებ არველაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

კანონი კონკურენციის სააგენტომ უნდა აღასრულოს, რისთვისაც ახალი თანამშრომლები სჭირდება, მინისტრის მოადგილემ კი განმარტა, რომ წელს ამისთვის თანხები გამოყოფილი არ არის.

„თქვენ როგორც იცით, 2020 წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული ახალი თანამშრომლების ასაყვანად საჭირო ბიუჯეტი, ამიტომ ჩვენ 2021 წლის ბიუჯეტში უკვე გავითვალისწინებთ.

წლის ბოლომდე კი მოხდება გარდამავალი დებულებების შემუშავება, რომელიც გამოკვლევის პროცედურისთვის არის საჭირო. კანონი 1 იანვრიდან შევა ძალაში იმ კუთხით, რომ უნდა მოხდეს შესაბამისი ადამიანების აყვანა, დატრენინგება და აქედან გამომდინარე, 2021 წლის 1 ივნისი იქნება ის ვადა, როცა ამ კანონპროექტის აღსრულება განხორციელდება“, - განმარტა გენადი არველაძემ.

კომიტეტის სხდომაზე არველაძემ დეპუტატებს კანონპროექტის ძირითადი მიზნებიც გააცნო.

„კანონპროექტის მიზანია, დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა. უკვე წლებია გვესმის ადგილობრივი ინდუსტრიისგან, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები გამოთქვამენ ეჭვებს, რომ არსებობს კონკრეტული პროდუქტების მწარმოებლების თუ იმპორტიორების მიერ დემპინგური ფასებით ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტების განთავსება და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან გვაქვს აღებული ვალდებულება, რომ არ გამოვიყენებთ ისეთ ღონისძიებებს, სანამ შესაბამისი კანონმდებლობა არ გვექნება, ჩვენ წლების განმავლობაში ვიმუშავეთ იმისთვის, რომ გვქონოდა სრულყოფილი, გამართული და საერთაშორისო კანონი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებთან, რომელიც უზრუნველყოფს დაიცვას ადგილობრივი ინდუსტრია დემპინგური იმპორტისგან იმ შემთხვევაში, თუ დემპინგს ადგილი ექნება.

ამ ყველაფერს წინ უძღვის დეტალური გამოძიება, რომელიც 12 თვემდე გასტანს. ამ 12 თვის განმავლობაში მოხდება დეტალურად შესწავლა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტიორის ბაზარზე, მესამე ქვეყნების ბაზარზე თუ რა მდგომარეობა იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, ფასთა პოლიტიკა როგორი იყო ამ კონკრეტული კომპანიისა, მიზანმიმართულად მიმდინარეობდა თუ არა დემპინგური ფასებით ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვა და ა.შ. იქ არის ძალიან ბევრი ფაქტორი და რაც მნიშვნელოვანია“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ კონკურენციის სააგენტო მას შემდეგ დაიწყებს მოკვლევას, აქვს თუ არა რომელიმე პროდუქტთან დაკავშირებით დემპინგს ადგილი, თუ უწყებას კონკრეტული ინდუსტრიის წარმომადგენლების 50%-ზე მეტი მიმართავს.

რას გააკეთებს სააგენტო? - პირველ რიგში, უწყება შეისწავლის ცალკეულ პროდუქტზე, არის თუ არა დემპინგური ფასი, ამ დემპინგურ ზღვარსაც კანონი განსაზღვრავს, რომლის შემდეგ კონკურენციის სააგენტო მთავრობას მიმართავს ან წინასწარი, ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებისთვის.

წინასწარი ტარიფი 6 თვით შეიძლება დაწესდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ მოკვლევის დასრულებამდე ადგილობრივი პროდუქცია, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან იჩაგრება. სპეციალური ტარიფი კი უკვე, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, შესწავლის დასრულების შემდეგ დადგინდება მისთვის, ვინც ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას.

"მუხლი 18. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება:

საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე შესწავლის ობიექტის თითოეულ ექსპორტიორზე, ან საქონლის მწარმოებელზე სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს შემოიღებს ინდივიდუალურად არადისკრიმინაციულობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დემპინგურ ზღვარს.

შესწავლის ორგანო ადგენს, არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე ნაკლები ტარიფი საკმარისი ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში თუ, შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე ნაკლები სატარიფო განაკვეთი საკმარისია ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ამ განაკვეთს.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი ინტერესები", – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, პირები, რომლებიც ეწევიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი, რაც გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.