მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიდემპინგური კანონის მორიგი რაუნდი პარლამენტში - როგორ ემზადება კონკურენციის სააგენტო?

5e553e8323439
დავით ჯალაღონია
25.02.20 21:00
1105
პარლამენტი მიმდინარე სამუშაო კვირიდან „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტის განხილვას გეგმავს. პირველი მოსმენა 27 თებერვალს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზეა ჩანიშნული.

კანონპროექტის მთავარი მიზანი დემპინგური ფასით შემოტანილი პროდუქციისგან ადგილობრივი წარმოების დაცვაა.

"ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. დემპინგის შედეგად იმპორტირებული პროდუქტის შეუსაბამოდ დაბალი ფასები ვნებს ადგილობრივ ინდუსტრიას, რომელიც ჩვეულებრივ, ვეღარ ახერხებს დემპინგით დაკავებული კომპანიისთვის კონკურენციის გაწევას", - ასე ასაბუთებს ეკონომიკის სამინისტრო ამ კანონპროექტის მიღების საჭიროებას.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტს დაამტკიცებს, ის კონკურენციის სააგენტომ უნდა აღასრულოს. ამისთვის უწყებას ანტიდემპინგის დეპარტამენტის შექმნა და კადრების დამატება მოუწევს, რისთვისაც მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 422 ათასი ლარის გამოყოფა იქნება საჭირო.

BM.GE დაინტერესდა, არის თუ არა უწყება მზად კანონის მიზნების შესრულებისთვის - ანუ ცალკეულ შემთხვევაში იმის დასადგენად, რომელიმე პროდუქტი საქართველოში დემპინგურ ფასად შემოსულია, თუ - არა.

როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, მას შემდეგ რაც პარლამენტი კანონს დაამტკიცებს, სააგენტოს გონივრული ვადა სჭირდება, რათა ახალი მოვალეობების შესასრულებლად კადრები მოიძიოს და გადაამზადოს.

"კანონპროექტის მიღების შემდეგ, გარკვეული დროა საჭირო იმისთვის, რომ კანონქვემდებარე დოკუმენტები გაიწეროს, რათა პროცედურების ფორმულირება იყოს სწორად წარმოდგენილი. ასევე, გარკვეული სტრუქტურული ერთეული, რომელიც უნდა გაჩნდეს კონკურენციის სააგენტოში, საჭიროებს სპეციალურად მომზადებულ კადრებს და ვთვლით, რომ ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რადგან ამ კვლევის პროცესს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ან მესამე ქვეყანაში, საკმაოდ მაღალკვალიფიციური კადრები სჭირდება იმისთვის, რომ მთავრობისთვის წარდგენილი რეკომენდაცია, რომელიც იტყვის, არის თუ არა დემპინგი და გასცემს შესაბამის რეკომენდაციას, უნდა იყოს მაქსიმალურად სიღრმისეულად გამოკვლეული. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება თანხვედრაში უნდა იყოს WTO-ს (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) წესებთან", - განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.

გარდა ამისა, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი გამოწვევა თავად კვლევის პროცესია, რომელიც ძვირად ღირებულია და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

"ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ შევძლოთ იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც უნდა დაეყრდნოს კვლევას იმის შეფასებაში, არის თუ არა კონკრეტული ქმედება, კონკრეტულ პერიოდში, დემპინგი თუ ა.შ", - აღნიშნა მან.

ლექვინაძემ ის დარგებიც დაასახელა, საიდანაც მოსალოდნელია, რომ სამომავლოდ შექმნილი ანტიდემპინგის დეპარტამენტი მიმართვებს მიიღებს.

"ეს დარგები მეტნაკლებად ცნობილია, რადგან ძალიან ბევრი მსჯელობა და განხილვა ყოფილა ამ საკითხის და ეს ინდუსტრიები ყოველთვის წარმოდგენილები იყვნენ აღნიშნულ მსჯელობაში, იგივე, ეს შეიძლება იყოს მეტალურგია, ადგილობრივი ცემენტის თუ სხვა სამშენებლო მასალის წარმოება, აგრარული სექტორი, გადამამუშავებელი ინდუსტრიები და თუ სხვა მიმართულება", - განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტისთვის მხარდაჭერის მიღებას ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტში უკვე არაერთი წელია ცდილობს.

დოკუმენტის მიზნებთან და მიღების ვადებთან დაკავშირებით გასული წლის ბოლოს, BMG-სთან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ არის დღევანდელი გამოწვევებიდან სასწრაფოდ მისაღები კანონი".