მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკორუფციული რეფორმის რეკომენდაცია სრულად შესრულებულად ვერ ჩაითვლება - DRI 12-პუნქტიან გეგმაზე

64229d7d49b58
თამთა ჯიჯავაძე
28.03.23 22:00
485
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია თითოეული პრიორიტეტის შესრულების ხარისხი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული პირობების წარმატებით შესრულებაზე საუბრობს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად კვლავ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევაა საჭირო.

ანტიკორუფციული რეფორმის, როგორც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულების ხარისხი, მათი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად შესრულებულად ვერ ჩაითვლება.

შეგახსენებთ, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ გაძლიერდეს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც გააერთიანებს ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრის მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ოცნების“ გეგმა იყო: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან სამუშაო ჯგუფის შექმნა, ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციის მომზადების მიზნით; სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში პარლამენტის წევრების ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობის უზრუნველყოფა; შემუშავებული კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენის ვადა [2022 წლის] არა უგვიანეს 19 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიღება 1-ელ დეკემბრამდე.

„გეგმის შესაბამისად, ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა 2022 წლის 9 აგვისტოს გამართა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, გეგმის შესაბამისად, მოწვეული იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის წარმომადგენლები. საქართველოს პარლამენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას სამოქალაქო საზოგადოების მხოლოდ ორი ორგანიზაციის დასახელების უფლება მისცა. შესაბამისად, სურვილის მიუხედავად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ჯგუფში მონაწილეობა ვერ შეძლო. საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაო ჯგუფმა 2 სხდომა ჩაატარა. სამუშაო შეხვედრებზე მომზადებული კანონის პროექტი, იურიდიულმა კომიტეტმა გეგმაში გაწერილი ვადის - 19 ოქტომბრის ნაცვლად, 26 ოქტომბრის თარიღით დაარეგისტრირა. ცვლილებების პროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 2022 წლის 30 ნოემბერს მიიღო. შესაბამისად, მმართველმა პარტიამ საკუთარი გეგმა ფორმალურად შეასრულა, თუმცა, სამუშაო პროცესში არ დაუშვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის მონაწილეობა.

„ქართული ოცნების“ გეგმის შესაბამისად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ თავდაპირველად ინიციირებული კანონის პროექტი ფორმალურადაც არ ეხებოდა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების საკითხს, მამხილებელთა დაცვას, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიის ფინანსების მონიტორინგისთვის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას. ინიციატივა ასევე არ ითვალისწინებდა კანონპროექტით გათვალისწინებული ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო მანდატის მინიჭებას, რაც ევროკომისიის რეკომენდაციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის მხარდასაჭერად (რომელიც თავს მოუყრიდა ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას და იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული საგამოძიებო ინსტიტუტი), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საპარლამენტო ფრაქციებს და კომიტეტებს რეკომენდაციები წარუდგინა. არასამთავრობო სექტორის მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს მათი რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა.

პარლამენტის მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის გარდა, ითვალისწინებს ბიუროსთვის შემდეგი ფუნქციების გადაცემას: თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი, მამხილებლის დაცვის ღონისძიებები, კანონის შესაბამისად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი. მოუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, კვლავ არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა უგულებელყოფა ევროკომისიის მე-4 რეკომენდაციის შესრულებას უქმნის საფრთხეს. მათ შორის:

დამოუკიდებლობის არასათანადო გარანტიები

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და დადგენილი სტანდარტების მიხედვით, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყება უნდა იყოს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, ჰქონდეს ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, ღიაობის მაღალი ხარისხი. ახლადშექმნილი ბიურო ინსტიტუციურად და ფუნქციურად დამოკიდებულია მთავრობაზე. სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია (რომლის შემადგენლობასაც საქართველოს მთავრობის მეთაური ამტკიცებს) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატს. ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს.

შეზღუდული მანდატი

ევროკომისია თავის შეფასებაში საუბრობს ელიტური კორუფციის მაღალ მაჩვენებელსა და ქვეყანაში მოქმედ არაეფექტიან საგამოძიებო სისტემაზე. ვინაიდან ახლადშექმნილ ანტიკორუფციულ ბიუროს არ ექნება საგამოძიებო მანდატი, შესაბამისად, არ იხსნება მაღალი დონის კორუფციის გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ზედამხედველობის სისუსტე და ბუნდოვანება

კანონში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიურო ანგარიშვალდებულია მთავრობისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს საზედამხედველო ფუნქციით აღჭურვა, მაშინ, როდესაც ეს ორგანო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, ფორმალურად არსებობდა, არაეფექტიანი იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისია შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრის N304-ე ბრძანებით განისაზღვრა საკონკურსო კომისიის შემადგენლობა. კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახლადშექმნილი უწყების ხელმძღვანელის დასანიშნად 8 კანდიდატიდან 3 წარუდგინა - ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია. პრემიერ-მინისტრმა არჩევანი იურიდიული დახმარების სახელმწიფო სამსახურის ყოფილ დირექტორზე რაჟდენ კუპრაშვილზე შეაჩერა. 8 თებერვლის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა მე-4 რეკომენდაციის შესრულება: „შევქმენით ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მთავარი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია იქნება. ამასთანავე, თავდაპირველი რედაქციისგან განსხვავებით, ოპოზიციის აქტიური ჩართულობით მნიშვნელოვნად გაფართოვდა ბიუროს ფუნქციები“, - წერია შეფასებაში.