10.ივნისი .2020 17:23

ანტიკრიზისული ბიუჯეტი არარეალურ დაშვებებზეა გაკეთებული - გიგა ბედინეიშვილი

views 426
უკან

ვფიქრობ, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი არარეალურ დაშვებებზეა გაკეთებული, - ასე აფასებს bm.ge-ისთან საუბარში ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, რომელიც უკვე პარლამენტშია. ის მიიჩნევს, რომ წელს ეკონომიკური ვარდნა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მთავრობის პროგნოზირებული -4%-ია. 

„ისეთი დინამიკით მივდივართ, რომ მეტ ვარდნას უნდა ველოდოთ. მთელი მაისი დაკეტილი ვიყავით ანუ მაისშიც ვარდნა გვექნება, ალბათ, 15%-იანი. ასევე, მოგეხსენებათ, ტურიზმის მნიშვნელობა ჩვენთვის და ტურიზმი რომ მნიშვნელოვნად შემცირდება, ესეც ფაქტია. საქართველოში, ძირითადად, ვიზიტორები ჩამოდიან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და რუსეთიდან - ოთხივე ქვეყანაში საკმაოდ რთული სიტუაციაა ვირუსის თვალსაზრისით, შესაბამისად, ალბათ მათ საზღვრებს არ გავუხსნით ანუ შემცირებული ტურიზმის გავლენა ეკონომიკაზე დიდი იქნება. ძალიან ბევრ კომპანიას გაუჭირდება, ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხმარება შემცირდება. შესაბამისად, ადამიანები შეამცირებენ თანხის ხარჯვას", - განაცხადა ბედინეიშვილმა.

რაც შეეხება ანტიკრიზისული ბიუჯეტის  მიხედვით, პანდემიამდელ ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილის 600 მილიონიან დანაზოგს, ფინანსისტი მიიჩნევს, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის და უფრო მეტის გამოთავისუფლებაც შეიძლებოდა. 

„600 მლნ ხარჯების მხოლოდ 5%-ია და ფაქტია, რომ თუ მოვინდომებთ, ამ ხარჯების ¼-ის გაუქმება ისე შეიძლება, როგორც არაფერი. ბევრი გაბედული ნაბიჯის გადადგმა შეიძლება პრივატიზაციის თვალსაზრისით, სსიპებ-ის და აიპების დახურვის თვალსაზრისით, პარტიული აქტივისთვის გაბერილი შტატების შემცირებით... ასევე, ცუდია, რომ თუ შეიძლებოდა ამის შემცირება, თუნდაც ამ 600 მილიონის თვალსაზრისით, მაშინ სად იყვნენ აქამდე?! რატომ სწევდნენ ამხელა წინააღმდეგობას ყველანაირი ხარჯების და გადასახადების შემცირებაზე?! შეიძლება, მთავრობას იმდენი ვერც მოსთხოვო ამ სიტუაციაში, კრიზისის დროს, რადგან უაზრო და უადგილო ვალდებულებები აქვს აკიდებული და შეიძლება მოკლე დროში ვერ დააღწიოს თავი, მაგრამ მთელი ამ 8 წლის განმავლობაში, რაც მთავრობაში არიან, რატომ ერთხელაც არ მოხდა ხარჯების შემცირება და რატომ არის, რომ ყოველ წელს ეკონომიკური ზრდა გვქვს 2, 3 ან 4 % და მხოლოდ ერთ წელს ავცდით, მგონი, 5%-ს?“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ: 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის ხარჯები 15 მლრდ 923 მლნ ლარამდე იზრდება. საბიუჯეტო დეფიციტის ზრდა 2.5%-დან 8.5%-მდეა დაგეგმილი. წელს მთავრობა -4%-იან ვარდნას პროგნოზირებს. ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა პარლამენტში უკვე დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა