მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტიკრიზისული კი არა, კრიზისთან შეგუების ბიუჯეტია, მინისტრი სადაა? - კობერიძე კაკაურიძეს

5ee89016adbe7
ინგა მურუსიძე
16.06.20 13:23
925
"რატომ არ წარადგენს ბიუჯეტს ფინანსთა მინისტრი?" - ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ. 

„რატომ არ წარადგენს ბიუჯეტს ფინანსთა მინისტრი? შეჩვეული ვართ, რომ დადიხართ ყოველი ბიუჯეტის წარდგენისას და წარადგენთ პროფესიონალურად, მაგრამ ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვართ, მინისტრი უნდა იყოს აქ, ვინაიდან პოლიტიკურად საპასუხისმგებლო თემებიც არის. თქვენ კი ანტიკრიზისულ ბიუჯეტს არქმევთ, მაგრამ ეს ბიუჯეტი არის კრიზისთან შეგუების ბიუჯეტი და არა ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ხედვის ასახვა. ამიტომ კითხვა მაქვს, რატომ არ არის ფინანსთა მინისტრი? ვფიქრობ, აქ მათ შორის პოლიტიკური შემცველობის კითხვები უნდა ჟღერდეს“, - მიმართა კაკაურიძეს ლევან კობერიძემ.

თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ კაკაურიძემ დეპუტატს შემდეგი პასუხი გასცა:

„თითოეული ეს ღონისძიება, პრემიერის დონეზე, მთავრობის ერთიანი გუნდის დონეზე არის წარდგენილი საზოგადოებისთვის და დღეს ჩვენ უკვე ვასრულებთ ტექნიკურად იმ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც უკვე ხორციელდება. დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ ტექნიკურად წარვადგინოთ ეს ყველაფერი თქვენს წინაშე, რათა შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, მათზე ვისმჯელოთ. სწორედ ამიტომ, საკმარისია ტექნიკურ ნაწილში განვიხილოთ ეს და თუ რამე პოლიტიკური საკითხი იქნება ეკონომიკის ნაწილში, მზად ვარ გიპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.