მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არც ერთმა ხელისუფლებამ უნდა გაიმეოროს - ღარიბაშვილი

610f8cc1d45af
ინგა მურუსიძე
08.08.21 11:48
1368
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთა და თქვა, გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„გამოუსწორებელი შედეგები დადგა აგვისტოს ომის შემდეგ. ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია, ხოლო ტერიტორიის 20% მითვისებულია რუსეთის მიერ. ჩვენი გმირების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამის შეფასება უკვე გაკეთებულია და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს უნდა გაიმეოროოს არც ერთმა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა

მისივე თქმით, ყველა ხელისუფლების ვალია, რომ დაიცვას ქვეყანა, მისი ტერიტორიულლი მთლიანობა და სუვერენიტეტი.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ხალხი ყოველგვარი აგრესიისგან, დამპყრობლებისგან და ოკუპანტებისგან. მთლიანობაში ჩვენი საერთო საზრუნავი უნდა იყოს ქვეყნის გაერთიანება და გამთლიანება. ჩვენ გვაქვს არჩეული პრაგმატული და გონიერი პოლიტიკა ოკუპაციის წინააღმდეგ, ოკუპაციის დასაძლევად და დეოკუპაციის მისაზღევად. ჩვენი მმართველობის პერიოდი არის გამორჩეული იმითაც, რომ ხალხს და ქვეყანას ავარიდეთ კიდევ უფრო მეტი ესკლაცია, სირთულეები და ომი. ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკით დადგება დრო, რომ ქვეყანა გამთლიანდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, ომი რუსეთმა დაიწყო თუ საქართველომ და ეს მოხდა თუ არა 7 აგვისტოს, ღარიბაშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ თარიღებით სპეკულირებისთვის თავი დაენებებინა.

„გმირების საფლავზე ხართ და გონორით ნუ მესაუბრებით. თარიღებით სპეკულირება არ შეიძლება. ფაქტებზე და შედეგზე ილაპარაკეთ. შედეგი კი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. სააკაშვილის ხელისუფლება ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა ამ დღეს, ეს იყო ტრადიცია, ამიტომ მე გთხოვთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტზე, ომსა და ტრაგედიაზე, პოლიტიკური სპეკულაციები შეწყვიტეთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ: აგვისტოს ომის ტრაგედიიდან 13 წელი შესრულდა.