15.იანვარი .2020 20:20

ანზორ მელია: ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ კლინიკების დავალიანებებს 3-4 თვეში დაფარავენ

views 764
უკან

კლინიკა "გულის" დირექტორის ანზორ მელიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს დაჰპირდა, რომ სახელმწიფო მათ დავალიანებებს სამ-ოთხ თვეში გადაიხდის.

როგორც ანზორ მელიამ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, კონკრეტულად მისი კლინიკის მიმართ დავალიანება 1.5 მილიონ ლარს შეადგენს.

"დავალიანება დაუგროვდა სახელმწიფოს, მაგრამ არც ფიქრობდა მის გადახდას, რადგან ექვსთვიანი დავალიანებები იყო, არადა სამთვიანი ინტერვალი უნდა ყოფილიყო. ახლა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ეს ყველაფერი შედარებით მოწესრიგდა, ბეჭდები დაგვირტყეს, რომ ივლისის თვის დავალიანება უნდა ჩაგვირიცხონ და ბეჭდების დარტყმიდან 10 დღეში გვირიცხავენ ამ თანხას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია.

თუ ამ ტემპით წავლენ, მალე გადაგვიხდიან დავალიანებებს. ჩვენ, ბოლო ნახევარი თვის განმავლობაში პრეტენზიები სამინისტროს მიმართ დავალიანებებთან მიმართებაში არ გვაქვს. ამბობენ, რომ სამ-ოთხ თვეში ყველაფერს გადავიხდითო და რადგან პირველი ნაბიჯები გადადგეს, იმედით ვუყურებთ ამ პროცესებს", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, ამ თემაზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისი უწყება ყოველდღიურად ახდენს კლინიკების დავალიანების დაფარვას, ვალის ზუსტ ოდენობას კი, ის ვერ დაასახელებს.

სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, 2019 წლის 14 იანვრის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კლინიკებისთვის გადარიცხული თანხის ოდენობა 25,154,789 ლარს შეადგენს. უცნობია ამ თანხის რა ნაწილი წარმოადგენს შარშან წარმოქმნილი დავალიანების დაფარვას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა