მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანზორ მელია: "ეკატერინე ტიკარაძეს ტაში ეკუთვნის“

5fd355638ab97
თელარა გელანტია
11.12.20 18:40
14007
კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ჯანდაცვის მინისტრს(ახლა უკვე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს) მადლობას უხდის. მიზეზი, რითაც ეკატერინე ტიკარაძემ ანზორ მელიას მადლობა დაიმსახურა ის ახალი პროგრამაა, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო 2021 წლის იანვრიდან იწყებს.

საუბარია 2.6 მილიონი ლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც კლინიკებისთვის კარდიოვერტერ-დეფიბრილატორების შესყიდვას და მათთვის უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ 2019 წელს მიღებული 520-ე დადგენილება კლინიკებისთვის განსაკუთრებულად პრობლემური სწორედ დეფიბრილატორების გამო იყო. კლინიკები მიუთითებდნენ, რომ დეფიბრილატორის შეძენის ზღვრული ტარიფი, რაც მთავრობამ დადგენილებით გაწერა, ამ აპარატების შესყიდვის საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო.

„ეკატერინე ტიკარაძეს ტაში ეკუთვნის ამ ნაწილში“ - ასე აფასებს კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან როგორც თავად ამბობს, რომ 520-ე დადგენილებით გაწერილი ტარიფები იმდენად დაბალი იყო, რომ ნახევარ წელზე მეტია, რაც კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია არ გაუკეთებია.

საქმე იმაშია, რომ 520-ე დადგენილებით, რომელიც ძალაში 2019 წლის ნოემბერში შევიდა, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც უტარდებათ უეცარი კარდიული სიკვდილის მაღალი რისკის მქონე პაციენტებს, სამინისტრომ შეაფასა 12,000-დან 17,000 ლარამდე, რასაც კლინიკების პროტესტი მოჰყვა. ისინი ირწუნებოდნენ, რომ ამ ტარიფებით მუშაობა წარმოუდგენელი იყო, რადგან მხოლოდ დეფიბრილატორის შეძენა 5.500-7 000 დოლარი უჯდებოდათ.

„ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან გონივრული და დროული გადაწყვეტილება მიიღო. ეს საშუალებას მოგვცემს, ასეულობით ავადმყოფს შევუნარჩუნოთ სიცოცხლე, რადგან კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია ძვირადღირებული პროცედურაა; ჩვენ დეფიბრილატორს ვყიდულობდით 6-7 ათას დოლარად და სახელმწიფო არ გვიფინანსებდა ამ პროცედურას, ამიტომ ნახევარ წელზე მეტია ეს აპარატი არ ჩაგვინერგია და იმიტომ კი არა, რომ პაციენტები არაა, არამედ იმიტომ, რომ საშუალება არ იყო; რადგან სამინისტრო თავად ყიდულობს და შემოაქვს ეს აპარატურა, თან ერთდროულად 200-ზე მეტი, ბუნებრივია, შესასყიდი ფასი უფრო დაბალია და მათ უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე - ჩვენ. ეს გადაწყვეტილება არის ჩვენთვის მისწრება. სამინისტროს კიდევ ერთხელ მადლობა, ძალიან დიდი შვება ვიგრძენით, რომ ეს პროგრამა გამოაცხადეს, რადგან ამას ველოდით და ეს დროც დადგა. ბედნიერი ვარ, რომ მექნება საშუალება ჩემს პაციენტებს საჭირო ოპერაცია ისევ გავუკეთო. ამ ნაწილში ტაში ეკუთვნის ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს“, - აცხადებს ანზორ მელია.

Bm.ge-ის კითხვაზე - არის თუ არა ეს ერთგვარი დასტური იმისა, რომ მთავრობა დათმობაზე წავიდა და ჯანდაცვის სამინისტროც მიხვდა, რომ მათ მიერ დაწესებული ახალი ტარიფებით მუშაობა შეუძლებელი იყო, ანზორ მელიამ გვიპასუხა, რომ „სამინისტროც იზრდება“.

„სამინისტროც ჩვენთან ერთად იზრდება. ძალიან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ კლინიკებთნ.... მაგრამ გამოსწორდა და მიხვდა სახელმწიფო, რომ კლინიკებს ჯიბრში კი არ უნდა ჩაუდგე, არამედ დახმარების ხელი უნდა გაუწოდო“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება იმას, კიდევ რა არის მთავარი პრობლემა, რასაც 520-ე დადგენილება ქმნის, კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ დეფიბრილატორის იმპლანტაციის ტარიფის მსგავსად, შეუსაბამოდ დაბალია ის თანხა, რომელიც სამინისტრომ გულის შუნტირების პროცედურისთვის განსაზღვრა - 8500 ლარი, მაგრამ ანზორ მელია ამბობს, რომ ამ ოპერაციის ჩატარება რეალურად 12 500 ლარი უჯდებათ.

„იმედი გვაქვს, რომ გულის შუნტირების პროცედურაზეც მსგავს გადაწყვეტილებამდე მივა სამინისტრო“, - დასძინა ანზორ მელიამ.