მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აპელირება იმაზე, რომ რუსი ჩამოვიდა და ქვეყანაში ვალუტა შემოვიდა, დამღუპველია” - ცოტნე ჯაფარიძე

62ebd05789b82
ანუკა ჯოხაძე
04.08.22 23:21
2245
მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოში 90 000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რუსეთს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შორის პირველი ადგილი უჭირავს.

"ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ქალაქებში უცხოელ ვიზიტორთა შორის 99% რუსია. მისი განმარტებით, არსებული რისკების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, რაც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას და ე.წ საოკუპაციო მოსაკრებლის შემოღებას გულისხმობს.

“ქალაქში ნებისმიერ ტურისტულ ობიექტზე რომ გაიხედოთ სტუმრების 99% რუსები არიან. ძირითადად ეს არიან რუსები, რომლებიც აქ გადმოსახლდნენ უკვე და არა ისინი, ვინც ქირაობენ ადგილობრივ მძღოლს ან გიდს ან სარგებლობენ ტურისტული კომპანიების მომსახურებით. მათ ძალიან მარტივად შეიძლება მოითხოვონ უფლებების დაცვა, როგორც უმცირესობებმა, რამაც შეიძლება მოიტანოს ახალი პოლიტიკური პრობლემები, სამხედრო პრობლემები. ვთქვათ, პირდაპირ შეიძლება შემოვიდეს რუსის ჯარი თავიანთი მოქალაქეების დასაცავად.

სასწრაფოდ თუ არ დაწესდა სავიზო რეჟიმი და სასწრაფოდ თუ არ დაიწყო და რაღაც ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადაიდგა, ამ ყველაფრის უკან მობრუნება იქნება წარმოუდგენელი. ეს უდიდესი რისკია და იმით აპელირება, რომ ვაიმე რუსი ჩამოვიდა, ფული დახარჯა და ქვეყანაში ვალუტა შემოვიდა, არის დამღუპველი გრძელვადიან პერსპექტივაში”, -აცხადებს "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე.

ცნობისთვის, რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების ინიციატივა ბიზნესს რამდენიმე თვის წინაც ჰქონდა, ცოტა ხნის წინ კი იგივე ინიციატივა პარტია “ლელომ” გააჟღერა.