მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

APM Terminals: ჩვენ, როგორც მსხვილი ინვესტორი, დავოსში პრემიერს შევხვდით

5e32e645785cd
თელარა გელანტია
30.01.20 18:17
1365
„ჩვენ, როგორც მსხვილ ინვესტორს, დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გვქონდა შეხვედრა“, - ასე უპასუხეს დღეს ფოთის პორტის ოპერატორ APM Terminals-ში bm.ge-ის კითხვას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული შეხვედრის თემას შეეხებოდა.

საქმე იმაშია, რომ პრემიერის პრეს-სამსახურს აღნიშნულ შეხვედრაზე ოფიციალური პრესრელიზი არ გაუვრცელებია, მაგრამ დღეს bm.ge-ის თავად გიორგი გახარიამ დაუდასტურა, რომ ასეთი შეხვედრა დავოსში შედგა.

„დავოსში შეხვედრები მქონდა ძალიან ბევრი ბიზნესის წარმომადგენელთან, მათ შორის APM ტერმინალის ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა გახარიამ, თუმცა დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

თავის მხრივ, პრემიერის პრეს-სამსახურში ირწმუნებიან, რომ დავოსში გამართულ ყველა შეხვედრაზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ცნობისთვის: APM Terminals ბოლო პერიოდში ფოთის პორტის გაფართოებას ხშირად აანონსებს, მაგრამ, ჯერჯერობით, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლებიან.

„მათი სურვილი ცნობილია, რომ განახორციელონ ახალი პორტის პროექტი იქვე, მოქმედი პორტის მიმდებარედ, ანუ პროექტი იქნება ფოთის პორტის გაფართოების და გაღრმავების, თავის დროზე მათ შემოტანილიც ჰქონდათ პროექტი სანებართვო, თუმცა, იმ ეტაპზე იყო გარკვეული ტექნიკური ხარვეზები და მაშინ პროექტი ჩვენი მხრიდან მიზანშეწონილად არ იქნა მიღებული, ხოლო ახლა ჯერჯერობით რაიმე ოფიციალური მომართვა არ ყოფილა. თუკი მოგვმართავენ, დეტალურად გავეცნობით“, - განაცხადა დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც bm.ge-ის იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც ამ ეტაპზე პორტის ოპერატორსა და მთავრობას შორის მიმდინარე საქმიან ურთიერთობას შეეხებოდა.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, ფოთის ნავსადგურის ოპერატორმა კომპანია APM Terminals-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, მზად არიან, $250 მილიონი დოლარის ინვესტიციის განსახორციელებლად. კომპანიის ინფორმაციითვე, მშენებლობის სავარაუდო ვადები განისაზღვრება 24-30 თვით, ხოლო თავად პროექტი "მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან და მათ მხარდაჭერას, რათა ყველა საჭირო ნებართვა მიღებულ იქნას დროულად“.