COVID-19-ის ფრონტის წინა ხაზზე მედიკოსები არიან, ამიტომ კორონვირუსის პანდემიასთან ბრძოლისას, მსოფლიო ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს სწორედ სამედიცინო პერსონალის დაცვასთან დაკავშირებით აწყდება. ამის მიზეზი კი, არასაკამარისი სამედიცინო ინვენტარია. ამის შესახებ ინფორმაციას gadgetsnow.com-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსოფლიოში ცნობილი ელექტრო ტექნიკის და სმარტფონების მწარმოებელი კომპანია Apple-მა სამედიცინო პერსონალისთვის ფარის მსგავსი სახის ნიღბების წარმოება დაიწყო.
ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო-მიმართვა გამოაქვეყნა. „კომპანია იწყებს ფარისებრი სახის ნიღბების წარმოებას სამედიცინო პერსონალისთვის , რომლის წარმოებაშიც აქტიურად ჩაერთვნენ კომპანიის დიზაინერები, ინჟინრები და დამფასოებელთა გუნდი“, - ამბობდა ტიმ კუკი.
ის იმედს გამოთქვამს, რომ Apple ნიღბების წარმოების რაოდენობას გაზრდის და მის ნაკლებობას აღმოფხვრის არა მხოლოდ - აშშ-ში, არამედ - მის ფარგლებს გარეთაც.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ერთ შეკვრაში 100-მდე სახის ნიღაბია, ყველა მათგანი რეგულირებადია და მათი აწყობა 2 წუთზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. Apple-ი ამ ეტაპზე ნიღბებს აშშ-სა და ჩინეთში აწარმოებს.
კუკი აცხადებს, რომ Apple მიმდინარე კვირის ბოლოდან უკვე შეძლებს 1 მილიონი ნიღბის გატანას ამერიკის ფარგლებს გარეთ. ნიღბების მიწოდება მოხდება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ამის ყველაზე მეტი საჭიროებაა. კომპანია გეგმავს, სამომავლოდ, მინიმუმ 20 მილიონი ნიღაბი აწარმოოს.