12.ნოემბერი .2022 16:00

Apple, Meta, Amazon, Microsoft - საფონდო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენციაა

Apple, Meta, Amazon, Microsoft - საფონდო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენციაა
views 573
უკან

მიმდინარე კვირას ამერიკულ საფონდო ბირჟაზე აღმასვლის უაღრესად მკვეთრი ტენდენცია დაფიქსირდა, კერძოდ, გასული ხუთი დღის განმავლობაში აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის ინდექსი (S&P 500) თითქმის 5.6%-ით გაიზარდა; Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულებამ 7.7%-ით მოიმატა, ხოლო Dow Jones-ის ინდექსი 4%-ითაა გაზრდილი.

გამორჩეულად კარგი შედეგები აქვთ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებსაც, მაგალითად, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 9.1%-ით გაიზარდა; Meta-ს აქციების ღირებულებამ 19%-ით მოიმატა; ხოლო ამაზონის აქციები 9.5%-ითაა გაზრდილი.

მიმდინარე კვირის საუკეთესო შედეგების მქონე უმსხვილესი კომპანიები (კაპიტალიზაციის მიხედვით):

Apple: +9.1%
Microsoft: +11.3%
Google: +10.3%
Amazon: +9.5%
Berkshire: +6.7%
Visa: +3.3%
Nvidia: +14.9%
JPMorgan: +3.3%
MasterCard: +6.5%
Meta: +19.1%

ბირჟაზე დაფიქსირებული აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია პირდაპირ კავშირშია მიმდინარე კვირას აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის ბიუროს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციასთან. უწყების ცნობით, ოქტომბერში აშშ-ის მასშტაბით წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია ფიქსირდება საბაზო ინფლაციასთან (CPI) დაკავშირებითაც, რომელიც წლიურ 6.3%-მდე შემცირდა, ნაცვლად ნავარაუდევი 6.5%-ისა.

ექსპერტების შეფასებით, CPI-ს შენელება ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ტემპის შენელებას გამოიწვევს და FED-ს რეფინანსირების განაკვეთის 0.50%-იანი ზრდისკენ უბიძგებს, ნაცვლად 0.75%-ისა.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით უმუშევრობის დონე 3.5%-დან 3.7%-მდე გაიზარდა.

სამსახურიდან დათხოვნისა და დასაქმების მონაცემებს შორის ბალანსის დარღვევა ქვეყანაში უმუშევრობის დონის ზრდას იწვევს, რაც აშშ-ის ფედერალური რეზერვისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ეკონომიკური ინდიკატორია.

საქმე ისაა, რომ FED-ი ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ყველაზე აქტიურად სწორედ უმუშევრობისა და დასაქმების მონაცემებს აკვირდება. დასაქმების ძლიერი ტენდენცია FED-ს აძლევს იმის საშუალებას, რომ მონეტარული პოლიტიკა შედარებით აგრესიული ტემპით გაამკაცროს, უმუშევრობის დონის ზრდა კი - პირიქით, ის FED-ს აიძულებს, კონსერვატიულ სტრატეგიაზე გადაერთოს და რეფინანსირების განაკვეთი არა, მაგალითად, 75-100 საბაზრო პუნქტით, არამედ 25-50 პუნქტით გაზარდოს.

რაც შეეხება საფონდო ბირჟებს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, უმუშევრობის დონის ზრდას ინვესტორები და ტრეიდერები პოზიტიურ სიახლედ იღებენ, რადგან ის FED-ს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უბიძგებს, რაც, საბოლოო ჯამში, ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

ზოგადად, კომპანიების აქციების, კრიპტოაქტივების, უძრავი ქონებისა თუ სხვა ტიპის აქტივების აღმასვლა პირდაპირაა დამოკიდებული FED-ის მონეტარულ პოლიტიკაზე, რადგან მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში ინვესტორები სარისკო აქტივებში თანხის დაბანდებისგან თავს იკავებენ და მაქსიმალურად ცდილობენ არა ქონების ზრდას, არამედ მის შენარჩუნებას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაიზარდა. გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 3.75-4.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.

საგულისხმოა, რომ რეფინანსირების განაკვეთი აშშ-ში FED-ის წინა შეხვედრებზეც გაიზარდა 75-75 საბაზო პუნქტებით - მონეტარული პოლიტიკის მსგავსი ტემპითა და სიხისტით გამკაცრების გადაწყვეტილება FED-ს 1994 წლის შემდეგ არ მიუღია.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.