მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

22 000 ლარის უაქციზო თამბაქოს რეალიზაციის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

63f4627444416
BM.GE
21.02.23 10:34
681
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, გულგრილობისა და პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს, რომელთაგანაც ორი - კომპანიის დირექტორი და მისი თანამშრომელია.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული უაქციზო თამბაქოს ნაწარმის განადგურება, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, უნდა განეხორციელებინა ერთ-ერთ კონტრაქტორ კომპანიას.

უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორი, თავისსავე თანამშრომელთან ერთად, აყალბებდა, ფიქტიურად ადგენდა საქონლის განადგურებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც, პერიოდულად, სხვადასხვა მოქალაქის მეშვეობით, ახდენდნენ უაქციზო თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას.

ქალაქ თბილისში, რუსთავსა და გარდაბანში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ განკუთვნილი, დოკუმენტურად განადგურებულად დაფიქსირებული, 5 241 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 22 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200, 220-ე, 220-ე პრიმა და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.