მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სვანეთის საკარანტინე სივრცეებში უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან - მარიამ ქვრივიშვილი

5f32ba7396cf9
ვიქტორია მღებრიშვილი
11.08.20 20:16
1456
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთში საკარანტინე ზონებში გადაყვანილ მოქალაქეებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.

„ამ ეტაპზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საკარანტინე სივრცეებში არ არიან. ჩვენ ვსაუბრობთ ძირითადად საქართველოს მოქალაქეების საკარანტინე სივრცეებში განთავსებაზე, თუმცა მზად ვართ რომ ნებისმიერი საკითხი ინდივიდუალურად განვიხილოთ”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავად ანაზღაურებენ საკარანტინე სივრცეებში განთავსების ღირებულებას, განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებისგან.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი 500-ზე მეტი დამსვენებელი საკარანტინო ზონებში გადაიყვანა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ სვანეთში 20-ზე მეტ სასტუმროში საკარანტინე სივრცეები მოაწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინე ზონების ჩამოყალიბება მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოხდა და ყველა სასტუმრო, სადაც საკარანტინო ზონაა განთავსებული, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

„ჩვენ პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს დამყარებული სასტუმროებთან და დამსვენებლებთან, რათა მოქალაქეებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ მიმდინარე პროცესებზე, რაც საჭიროა მათი უსაფრთხოებისა და ვირუსის პრევენციისთვის. საკარანტინო ზონები მზადაა, მაქსიმალურად კომფორტულად უმასპინძლოს მოქალაქეებს, როგორც სვანეთში ასევე სხვა რეგიონებში“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა უწყებების თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები შეიქმნა. ჯგუფის წევრები ახორციელებენ მუნიციპალიტეტში მდებარე განთავსების ობიექტების აღწერას, სასტუმროების პერსონალს აცნობენ პროტოკოლებს, ასევე დამსვენებლებისთვის საჭირო ინფორმაციას, მათ შორის იმის შესახებ, თუ როგორ ხდება დამსვენებლების ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო ზონებამდე საკუთარი ტრანსპორტით. იმ მოქალაქეთა ტრანსპორტირებას კი, რომლებიც ავტომობილის გარეშე იმყოფებიან სვანეთში, საკარანტინო ზონებამდე სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის დავალებით, 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით „კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა - გამოსვლა შეიზღუდა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, უზრუნველყო მესტიის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდებარე განთავსების 20 ობიექტში საკარანტინე სივრცეების ამოქმედება. მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, მათ, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ. ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.