მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილ-ივნისში თბილისის უძრავი ქონების ბაზარი 66%-ით $141 მილიონამდე შემცირდა

5f0d7382d9aa5
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.20 13:20
1125
პანდემიის პირობებში თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად შემცირდა. Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, აპრილ-ივნისში თბილისში რეალიზებული ბინების ჯამურმა ღირებულებამ $141 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელსთან შედარებით 66%-ით ანუ $272 მილიონით ნაკლებია.

ცალკეული თვეების მიხედვით, ვარდნა ყველაზე მკვეთრი აპრილში იყო, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. აპრილში თბილისში სულ 203 ბინა გაიყიდა, რომელთა ჯამური მოცულობაც $10 მილიონი დოლარი იყო.

მაისში ბინების გაყიდვები შედარებით აღდგა და საჯარო რეესტრმა 841 ბინის რეალიზაცია აღრიცხა, რომელთა ჯამური ღირებულებაც $38 მილიონი იყო, თუმცა წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 74%-ით იყო შემცირებული.

ივნისში კი თბილისში 2,117 ბინის ტრანზაქცია განხორციელდა, რაც წინა თვესთან შედარებით თითქმის ორნახევარჯერ მეტი იყო. წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი 37%-ით იყო შემცირებული.

Colliers-ის შეფასებით, ბაზრის აღდგენის ტენდენცია ივლისშიც გაგრძელდება, რაც ნაწილობრივ განპირობებული იქნება ივლისში ამოქმედებული სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით.



უძრავი ქონების ფასების ცვლილება:

"დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე, ჯერჯერობით, ამ დოზით რეაგირება არ მომხდარა.

ფასების შემცირება რისკს უქმნის დეველოპმენტების შიდა განვადებებს. განსაკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე არსებულ დეველოპმენტებს და იმ კონტრაქტებს, რომლებიც მცირე ავანსითაა ნაყიდი. დეველოპერების ნაწილთან გასაუბრებაზე დაყრდნობით, მყიდველების მხრიდან განვადების გადახდები შემცირებულია. ამის დარეგულირება შეიძლება დეველოპერების მიერ მომხმარებლებისთვის მშენებლობის გეგმიურად გაგრძელების ჩვენებით. აღნიშნულში მნიშვნელოვანი როლი ექნებათ ბანკებს. თუ დაფინანსება სტაბილურად გაგრძელდება და დეველოპერები შეძლებენ მშენებლობის შეუფერხებელ გაგრძელებას, მომხმარებლებიც დაინახავენ, რომ მათ ქონებას საფრთხე არ ემუქრება და უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მათაც გააგრძელონ შიდა გადახდები.

მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში დაახლ. 11,500 ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი წილი საინვესტიციო ქონებებზე მოდის. სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან", - ნათქვამია Colliers-ის მიმოხილვაში.

ბანკებში ერთ კვირაზე მეტია, რაც სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემა დაიწყო. ბიუჯეტის თანახმად, ამ პროგრამის დაფინანსება 70 მილიონი ლარი იქნება და ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება. 


სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

● სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;
● სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა);
● სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;
● შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

სახელმწიფო გასცემს იპოთეკური სესხების გარანტიას:

● სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით;
● გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;
● გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე;
● გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;
● გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%.
● ბიუჯეტი - 14 მლნ ლარი.