მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აპრილიდან გვაქვს ჯავშნები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩამოვლენ და ყველაფერი წესრიგში იქნება“ - ტუროპერატორი

6027bff007293
ინგა მურუსიძე
14.02.21 14:35
891
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა 13 თებერვალს ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, 2021 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველოს შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 30%-ით აღგება, 2022 წელს კი 80%-მდე გაიზრდება.

რეიტინგს ტურისტული კომპანია, Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე აფასებს.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაინტერესებული მხარეა და ისურვებდა, რომ ტურიზმი წელს Fitch-ის რეიტინგის პროგნოზისამებრ, 30%-მდე აღდგეს, თუმცა იმ ხელისშემშლელ ფაქტორებსაც ასახელებს.

„დარწმუნებული ვარ, Fitch განსაკუთრებულ კვლევას საქართველოზე არ გააკეთებდა, ალბათ გააკეთებდა ინტერპოლაციას და იტყოდა, რომ მსოფლიოში 30%-ს უნდა მიაღწიოს საშუალოდ ამ ბიზნესის დონემ. ამას გადაამრავლებდა ქართულ ციფრებზე და მის ბაზარზე. მაგრამ თუ 2019 წელს აიღებდა მაგალითად, ამ წელს სწორედ ნახევარი პერიოდის განმავლობაში რუსეთიდან ჩამოსვლა შეწყდა. არ ვიცი ამას გაითვალისწინებდნენ თუ არა, მაგრამ ივნისიდან რუსეთის ბაზარი იყო მაშინ პარალიზებული, თუ ეს გაითვალისწინეს, მაშინ ხო, მაგრამ თუ არ გაითვალისწინეს, კორექცია დასჭირდება ალბათ 30%-ს“, - ამბობს საბა კიკნაძე.

რაც შეეხება მის მოლოდინებს, როგორც ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, თეორიაში, თუ მაის-ივნისიდან ოპტიმისტური ვითარება იქნება, შესაძლებელია, რომ 20-30%-ით აღდგეს სექტორი.

საბა კიკნაძის თქმით, მას უკვე აქვს მოლაპარაკებები პარტნიორებთან და აპრილისთვის სურვილიც არის საქართველოში ჩამოსვლის.

„დაკვეთები გვაქვს, თუმცა შეიძლება ისინიც გადაიდოს, როგორც უკვე არაერთხელ მოხდა. მათ უნდათ ჩამოსვლა და ჩვენ ვემზადებით მისაღებად. აპრილის შუა რიცხვებიდან გვყავს დამკვეთები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩამოვლენ და წესრიგში იქნება ყველაფერი. ასე სექტემბერშიც გვყავდა დამკვეთები“, - ამბობს საბა კიკნაძე.

ის განმარტავს, რომ პრობლემა არის წესები, რომლითაც შეიძლება ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ და რომლებიც არ არსებობს. გარდა ამისა, საბა კიკნაძისთვის საეჭვოა როგორ მოგვარდება მაგალითად რუსი ტურისტების საკითხი, რომლებიც სავარაუდოდ ხშირად წარადგენენ ვაქცინაციის ყალბ დოკუმენტს.

„ყველაფერი ვიცით ისე, როგორც თქვენ. ლაპარაკი არის იმაზე, რომ უნდა ვილაპარაკოთ. არ ვიცით, მაგალითად, რა უნდა ვუყოთ ტურისტს, რომელიც ჩამოვა საბუთით, მაგრამ სამ დღეში აღებული ტესტით შეიძლება ინფექცია აღმოაჩნდეს, ვინ აიღებს ხარჯებს, დაზღვევა იმუშავებს თუ არა ასეთ შემთხვევაში და ა.შ. ამაზე პასუხები არ არის გაცემული. „ვილაპარაკოთ“ რეჟიმში ვართ კიდევ. ფაქტია, რომ სახელმწიფო ვერ უძღვება თავის საქმეს მეთოდურად“, - განაცხადა საბა კიკნაძემ.

დადებითად აფასებს სფეროს წარმომადგენელი იმას, რომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველია, რომელმაც თქვა, რომ ქვეყანაში შემოუშვებს ვაქცინირებულ ადამიანებს.

„უკვე გვეუბნებიან, რომ ჩვენ ერთ-ერთი ვართ, ვინც ეს გამოაცხადა და ეს ძალიან კარგია, რატომაც არა? თუმცა, აქ ალბათ პრობლემა იქნება რუსი ტურისტების, ნორმალურ ქვეყნებს უნდა ენდო, მაგრამ ეს პრობლემა იქნება. ეჭვი ეპარება ვინმეს, რომ რუსეთიდან Fake-დოკუმენტით შემოვლენ?“,- ამბობს კიკნაძე.