მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილის ბოლოდან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 170 პაციენტის მიღებას შეძლებს

5e8872a75bbdf
თელარა გელანტია
04.04.20 15:42
859
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოც ერთვება, - საავადმყოფოს აღჭურვის პროცესს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად გაეცნო.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას უკვე გადაეცა 9 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რაც მძიმე შემთხვევების სამკურნალოდ აუცილებელია.

საავადმყოფო სამედიცინო აპარატურით და საწოლებით უახლოეს დღეებში აღიჭურვება და სრულად იქნება მზად პაციენტების მისაღებად.

ახალი კლინიკის სრული აღჭურვა აპრილის ბოლომდე დასრულდება და ის ერთდროულად 170-მდე პაციენტის მომსახურებას შეძლებს. საავადმყოფო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს მძიმე პაციენტებს ყველა მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში არსებობს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ვირუსის მართვისა და კონტროლისთვის.

აჭარის რეგიონში კორონავირუსისა და ასევე, ცხელების ნიშნების მქონე პაციენტების სამართავად 4 კლინიკაა მობილიზებული. საქართველოს მასშტაბით კი - 63, რომელთაგან 32 სამედიცინო დაწესებულება პროგრამაში ეტაპობრივად, უშუალოდ კორონავირუსის განვითარების დინამიკის შესაბამისად ჩაერთვება.