მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილსა და მაისში ყველაზე მაღალი იქნება ეკონომიკური ვარდნა - კაკაურიძე

5ebe951ba302e
დავით ჯალაღონია
15.05.20 17:09
1274
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, აპრილსა და მაისში ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებლები ყველაზე მაღალი იქნება. ამის შესახებ კაკაურიძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება ამ თვის ბოლოს გვექნება, მაგრამ ვფიქრობთ, რომ აპრილი და მაისი იქნება თვეები, როცა ყველაზე მაღალი იქნება ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებლები, შემდგომ ეტაპობრივად შემცირდება ეს მაჩვენებელი და უკვე ოქტომბრის შემდგომ უნდა დადგეს იმ სტაბილურ დონეზე, რაც ნიშნავს, რომ მაგ პერიოდისთვის უკვე 4%-ზე ნაკლები იყოს ეკონომიკური შემცირების მაჩვენებელი.

თუ მაგალითად, აპრილი-მაისის პერიოდში შესაძლებელია იყოს 5-6%, ან უფრო მეტიც, ოქტომბრიდან მინუს 2%-ზე უნდა ჩამოვიდეს, რაც საბოლოო ჯამში, წლიურად გვაძლევს 4%-იანი ეკონომიკური შემცირების მაჩვენებელს", - განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ის სექტორები დაასახელა, რომელთაც ამ პერიოდში ყველაზე დიდი ზიანი ელით.

"რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა მიიღო და ეს სექტორი ყველაზე მეტად შემცირდება. სავარაუდოდ, ტურისტების რაოდენობიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ დაახლოებით 60-65%-ით მოხდება ამ სექტორის შემცირება წელს, რასაც ვერანაირი დახმარება ვერ გადაფარავს, თუმცა სწორედ იმიტომ რომ ეს სექტორი არ ჩამოიშალოს და მზად დახვდეს ეპიდემიის გავლის შემდგომ ტურისტული ნაკადების მიღებას, სწორედ ამიტომ მოხდა ტურიზმის სექტორისთვის ცალკე პაკეტის შემუშავება.

ტურიზმის გარდა, მნიშვნელოვანი დარტყმა სხვა სექტორებს არ ექნებათ. ყველას ექნებათ თანაბარი - დაახლოებით მინუს 4%-ის ფარგლებში, წლიურ ჭრილში. რაც შეეხება ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს, რომელიც სისტემური კომპანიებია, ვფიქრობთ, რომ ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შემცირდება, დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი, რომ წელს ეს მაჩვენებელი შემცირდეს.

სამშენებლო სექტორია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. აქ, ჯერ ერთი, დასაქმების მაჩვენებელია მაღალი და ასევე, სხვა სექტორებთან აქვს მჭირდო კავშირი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული. სოფლის მეურნეობაზე უკვე გაჟღერდა, რა იგეგმება", - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ წელს მთავრობა დაახლოებით 4%-იან ეკონომიკურ ვარდნას ელოდება.