მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ექსპორტის 70%-იანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ვითარდება - თურნავა

609ce9dd42137
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.21 13:01
1342
2021 წლის აპრილში საქართველოდან უცხოეთში საქონლის ექსპორტი 70.2%-ით, $378 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ეს ფაქტი აჩვენებს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება.

"აპრილში საქართველოდან 70.2%-ით გაიზარდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, მათ შორის არის სასოფლო-სამეურნეო და მისი გადამუშავების სექტორის პროდუქცია, წიაღისეული და ბევრი სხვა მზა პროდუქტი, რომელიც საქართველოდან გადის, მათ შორის ევროპულ ბაზრებზე.

ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა ვითარდება და თანდათან მიმდინარეობს მისი აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა, ვაქცინაციამ, საგარეო ბაზრების გამოღვიძებამ და ჩვენმა სახელმწიფო პროგრამებმა, რითაც ვეხმარებით ქართულ მეწარმოებას, სოფლის მეურნეობას, წარმოებას, თავისი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ექსპორტის ასეთი მნიშვნელოვანი მატება ე.წ. "საბაზო ეფექტით" არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის აპრილში საქართველოში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა და მთლიანად 2020 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი - $222-მილიონიანი ექსპორტი სწორედ აპრილში დაფიქსირდა, თუმცა 2021 წლის აპრილის ექსპორტი არა მხოლოდ გასული წლის, არამედ კრიზისამდელი პერიოდის ექსპორტსაც აღემატება. შედარებისთვის, 2019 წლის აპრილში საქართველოს ექსპორტი $311 მილიონი იყო, შესაბამისად, 2019 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 21.6%-ით არის გაზრდილი. იანვარ-აპრილში ექსპორტმა 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 16.6%-ით აღემატება.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 მაისს გამოაქვეყნებს. სწორედ დეტალური ანგარიშიდან გაირკვევა, თუ რა კატეგორიის საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.