მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა

5eafc07e04f99
შოთა ტყეშელაშვილი
04.05.20 11:15
768
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.9%-ით გაიზარდა. ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათის ჯგუფში 16%-ით გაზრდილმა ფასებმა მოახდინა. 

ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, ინფლაცია ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (45.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.0 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.0 პროცენტი) და პური და პურპროდუქტები (8.4 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტული პუნქტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (8.4 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურების (4.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

საქსტატის განმარტებით, COVID-19-ის ეპიდემიიდან გამომდინარე, მათ ინფლაციის დათვლისთვის საჭირო მონაცემების შეგროვების აღრიცხვის ახალი წესი დანერგეს.

"ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქსტატი გადავიდა მონაცემთა შეგროვების ალტერნატიულ მეთოდებზე. კერძოდ, ფასების რეგისტრაციისას მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ინტერვიუერების პირადი ვიზიტი ობიექტებზე, ამის ნაცვლად კი გამოყნებელ იქნა ონლაინ და სატელეფონო გამოკვლევა. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მონაცემთა შეგროვების თანამედროვე მეთოდების - სკანერული მონაცემების და ვებგვერდიდან მონაცემთა ავტომატური გადმოტვირთვის მეთოდის (web-scraping) დანერგვა.

პანდემიის პერიოდში დაწესებული შეზღუდვები გარკვეულწილად აისახა ფასების შეგროვების პროცესზეც. კერძოდ, არ ფუნქციონირებდა ზოგიერთი საცალო გაყიდვის და მომსახურების ობიექტი, რამაც შეუძლებელი გახადა ფასების გარკვეული ნაწილის დაფიქსირება. კერძოდ, გამოკითხვის პერიოდში 1800 ობიექტიდან დროებით არ ფუნქციონირებდა 1150 ერთეული, რის შედეგადაც ფასების მონაცემთა ბაზის საერთო რაოდენობის მხოლოდ 40%-მდე იქნა მოძიებული. სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების საერთაშორისო მეთოდოლოგიების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ვერ ხერხდება ბაზარზე კონკრეტული პროდუქტის მოძიება, და შესაბამისად, შეუძლებელია მასზე რეალური ფასის და ინდექსის დადგენა, რეკომენდებულია პირობითი ფასების გაანგარიშება, ანუ ფასების იმპუტაცია,"- ნათქვამია განცხადებაში.