მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აპრილში საოფისე ფართების გაქირავების რეკორდულად მაღალი ტრანზაქციები დაფიქსირდა“

608adaaed7436
თათია ჩაფიჩაძე
30.04.21 10:15
716
გასაყიდი უძრავი ქონების ბაზრის გამოცოცხლებასთან ერთად საქართველოში პოზიტიური ტენდენციები იკვეთება კომერციული და საოფისე მიმართულებითაც. „რემაქს კაპიტალის“ დამფუძნებლის მარიამ ასათიანის ინფორმაციით, მიმდინარე თვეში რეკორდული ტრანზაქციების რაოდენობა დაფიქსირდა, რაც არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 წლის მონაცემებსაც აღემატება.

რაც შეეხება ფასებს, „საქმიან დილასთან“ საუბრისას, ასათიანმა აღნიშნა, რომ კომერციულ ნაწილში ცენტრალურ ქუჩებზე ფასები 40%-ით ნაკლებია, თუმცა ბიზნესი საქმიანობის გასაგრძელებად უფრო მეტად სავაჭრო ცენტრებს ირჩევს.

„სრული ლოქდაუნიდან 1 წელი შესრულდა, სახეზე გვაქვს მესამე ტალღა, ვაქცინაციის პროცესის საკმაოდ ნელი ტემპი, პოლიტიკური კრიზისი და ინფლაციის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, ეს ყველაფერი ცხადია, უარყოფითად მოქმედებს როგორც ეკონომიკის ზრდაზე, ასევე უძრავი ქონების ბაზარზე, თუმცა ამის მიუხედავად, საკმაოდ კარგი ცვლილებები ფიქსირდება. ჩვენი კომპანიის მაგალითზე აპრილში რეკორდულად მაღალი ტრანზაქციების მოცულობა დავაფიქსირეთ არა მხოლოდ 2020 წლის პანდემიურ წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებითაც.

ახალი ტენდენცია, რაც გამოიკვეთა საოფისე სექტორში, უკავშირდება დიდ ფართებზე მოთხოვნის ზრდას, რომელიც გამოიყენება ქოლცენტრებისთვის. მარტ-აპრილში 3200 კვ.მ.საოფისე ფართი გავაქირავეთ და უმეტესად ეს იყო IT სექტორი და ქოლცენტრები.

ბაზარს დაემატა ახალი სავაჭრო ცენტრები კარგი შეთავაზებებით და შესაბამისად, ბიზნესის გადაწყვეტილებაა გადაინაცვლოს უფრო ბიუჯეტური პირობებით იქ, სადაც უფრო მეტი მყიდველის კონცენტრაცია ხდება, ეს პროცესი პანდემიის გარეშეც დაწყებული იყო. ქუჩის რითეილში 40%-მდეა ფასები შემცირებული, თუმცა ვაკანტურობა მაინც ნარჩუნდება ისეთ ქუჩებზე როგორიცაა ჭავჭავაძე, რუსთაველი, პეკინი, აღმაშენებელი. ამ ვაკანტურობას ავსებს სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები, ანუ ის, რაზეც არის მოთხოვნა. სავაჭრო ცენტრებში კი ფასის დიდი კლება არ ყოფილა”, - აღნიშნა ასათიანმა.

„ქოლიერს ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრებში 2020 წელი შედარებით სტაბილური იყო და ძირითადი მაჩვენებლები უცვლელად შენარჩუნდა.
რითეილერებთან კონსულტაციების შედეგად საცალო ვაჭრობის ბრუნვა გასულ წელთან შედარებით 3-ჯერ შემცირდა, პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა კი 2019 წლის მონაცემს 35%-ით ჩამორჩება. უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელია მიმდინარე წელს. ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს რელოკაციის, იჯარის შემცირების ან ხელშეკრულების სხვა პირობების გადახედვის თვალსაზრისით, რაც სავაჭრო სექტორის ზოგად მდგომარეობაზე აისახება.