მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში საქართველოს ექსპორტი 70%-ით, $378 მილიონამდე გაიზარდა

609cd32e557d6
შოთა ტყეშელაშვილი
13.05.21 11:22
827
საქსტატმა დღეს აპრილის საგარეო ვაჭრობის ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის აპრილში საქართველოდან ექსპორტმა $378.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით ანუ $156 მილიონით მეტია. 

ექსპორტის ასეთი მნიშვნელოვანი მატება ე.წ. "საბაზო ეფექტით" არის გამოწვეული, რადგან თავად 2020 წლის აპრილში საქართველოში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა და მთლიანად 2020 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი - $222 მილიონიანი ექსპორტი სწორედ აპრილში დაფიქსირდა, თუმცა 2021 წლის აპრილის ექსპორტი არამხოლოდ გასული წლის, არამედ კრიზისამდელი პერიოდის ექსპორტსაც აღემატება. შედარებისთვის, 2019 წლის აპრილში საქართველოს ექსპორტი $311 მილიონი იყო, შესაბამისად, 2019 წელთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 21.6%-ით არის გაზრდილი. 

რაც შეეხება 2021 წლის 4 თვის შედეგებს - იანვარ-აპრილში ექსპორტმა 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 16.6%-ით აღემატება. 

ამავე პერიოდში საქართველოს იმპორტმა 10%-ით იმატა და $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანობაში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1.53 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39% შეადგინა.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 მაისს გამოაქვეყნებს. სწორედ დეტალური ანგარიშიდან გაირკვევა თუ რა კატეგორიის საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი.