13.მაისი .2022 18:38

აპრილში სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა

აპრილში სასტუმროების ფასების ინდექსი შემცირდა
views 603
უკან

აპრილში სასტუმროს ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა. PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2022 წლის აპრილში მარტთან შედარებით 2%-ით შემცირდა მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 6.5%-ით.

წინა წლის აპრილთან შედარებით სასტუმროს ფასების ინდექსი 7.7%-ით არის გაზრდილი, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.5%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა.

2022 წლის აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 141 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა -231 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მარტში 103 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 413 ლარი შეადგინა. თბილისსა და კახეთში, ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 493 ლარი შეადგინა, გურიაში - 398, ხოლო აჭარაში - 390 ლარი.

მარტში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი 152 ლარი, 4-ვარსკვლავიანის საშუალო ფასი 246 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი 114 ლარი იყო. რაც შეეხება 5-ვარსკვლავიან სასტუმროს საშუალო ფასს, მარტში 406 ლარი იყო.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.