25.მაისი .2023 12:35

აპრილში სებ-მა ბაზრიდან რეკორდული თანხა - $322 მილიონი შეისყიდა

აპრილში სებ-მა ბაზრიდან რეკორდული თანხა - $322 მილიონი შეისყიდა
views 1601
უკან

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, პერიოდის განმავლობაში სებ-მა Bmatch-პლატფორმის მეშვეობით სავალუტო ბაზრიდან $322.4 მილიონი შეისყიდა, რაც რეკორდულად დიდი მოცულობის სავალუტო ინტერვენციაა. მთლიანად წლის პირველ 4 თვეში სებ-ის მიერ ბაზრიდან სავალუტო შესყიდვების ზომა 782.9 მილიონი დოლარი იყო.

სებ-ის მიერ Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვები ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქართველოს სავალუტო რეზერვებმა - 5.2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ზუსტ მონაცემებს, თუ რა ზომისაა ამჟამად რეზერვები სებ-ი 7 ივნისს გამოაქვეყნებს, თუმცა სავარაუდოდ მისი ზომა 5.4-5.5 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება.

რეზერვების შესყიდვების პოლიტიკაზე განმარტება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ჯერ კიდევ ჩამორჩება IMF-ის მეთოდოლოგიით რეკომენდებულ ზომას, ამიტომ სებ-ი შესყიდვების პოლიტიკას კიდევ გააგრძელებს.

“სავალუტო ფონდის მეტრიკაა, რომელსაც ინვესტორები და სარეიტინგო სააგენტოები უყურებენ. ეს არის ინტეგრირებული მეტრიკა, რომელიც მოიცავს იმპორტის ზომას, ფულის მასას, ექსპორტს და მოკლევადიან ვალს. მათი შეჯერებით მიიღება კომპოზიტური ინდექსი, რომელიც გაცვლითი კურსის რეჟიმის ქვეყნებისთვის სასურველია რომ იყოს 100-დან 150-ის ფარგლებში. 150%-ზე ზემოთ ჩვენ აღარ ვიყიდით რეზერვებს. 2022 წლის შედეგებით ჩვენ ვიყავით 107 პროცენტზე,”- განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით სავალუტო შესყიდვები 2022 წლის მეორე ნახევარში გაზარდა, რაც ქვეყანაში გაზრდილ ფულად შემოდინებებს უკავშირდებოდა. საუბარია გაზრდილ შემოსავალზე ტურიზმიდან, ფულადი გზავნილებიდან, ექსპორტიდან და სხვა წყაროებიდან.