მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში ხორბლის პურის ფასი წლიურად 30%-ით გაიზარდა - ბაზრის მიმოხილვა

62a0640e80557
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.22 09:00
834
ფერმერთა ასოციაციამ ხორბლის ბაზრის მიმოხილვაში საქართველოს ბაზარზე ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული პურის ფასის ცვლილება წარმოადგინა. პუბლიკაციის ავტორების ინფორმაციით, საქართველოში საშუალო ოჯახი, ფინანსების ყველაზე დიდ ნაწილს სურსათზე ხარჯავს, რაც სამომხმარებლო კალათის წონებში აისახება, სადაც სურსათის წილი ჯამურ ინდექსში 33.1%-ია.

კატეგორიების მიხედვით კი, სურსათში პურ-პროდუქტები ყველაზე არსებითი პროდუქციაა.

„2011 წლიდან 2017 წლის ჩათვლით პურის ფასი არათუ იზრდებოდა, არამედ 2011-2012 წლებში 5%-ით შემცირდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, პირველად ფასის ზრდა 2018 წელს დაფიქსირდა, რაც რუსეთში (საიდანაც ვახდენთ ხორბლის იმპორტს) ცუდი მოსავლიანობის შედეგი იყო. 2021 წლის მაისიდან მოყოლებული კი ხორბლის პურის ფასი ყოველთვიურად იზრდება და წლიურმა ზრდამ აპრილში 30% შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

პუბლიკაციის ავტორები, პურის გაძვირებას უმეტესწილად მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის - ხორბლის და ფქვილის გაძვირებით ხსნიან. მათი ინფორმაციით, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ ნედლეულის ფასები საერთაშორისო ბაზრებზე საგრძნობლად დაეცა და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 2014-2016 წელს მიაღწია. პანდემიის დაწყებიდან საერთაშორისო ფასები ნედლეულზე, მათ შორის ხორბალზეც, მკვეთრად იზრდება. აღნიშნულ სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ 2020 წლის მონაცემებით მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტირებული ხორბლის 28.5% რუსეთსა და უკრაინაზე მოდიოდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ კი საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასმა საშუალოდ 30%-ით მოიმატა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე უფრო მეტად აისახა, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოზე.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) მიხედვით 2022 წელს უკრაინაში ხორბლის მოსავლის მინიმუმ 20%-ით შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა უკრაინული ხორბლის დეფიციტი გარკვეულწილად რუსული და ევროპული ხორბლითაა ჩანაცვლებადი, სადაც ხორბლის მაღალ მოსავალს პროგნოზირებენ. მიუხედავად ამისა, 2022/23 წლებში წინა წელთან შედარებით ხორბლის მოცულობის მცირეოდენი შემცირებაა მოსალოდნელი.