მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აქამდე ცუდ სეზონს ველოდით, მაგრამ ახლა..." – შატილში მდებარე სასტუმრო "სულფონის" მოლოდინები

5eb52dcb6988f
ვიქტორია მღებრიშვილი
08.05.20 20:20
3348
ხევსურეთის, კერძოდ შატილის ერთ-ერთი საოჯახო სასტუმრო „სულფონის“ წარმომადგენელი თეკლა ჭინჭარაული BM.GE-სთან ეპიდემიიდან გამომდინარე არსებულ მოლოდინებზე საუბრობს და იმ საჭიროებებს ასახელებს, რაც ხევსურეთში მოქმედ მცირე ბიზნესებს აქვთ.

როგორც ოჯახური ბიზნესის ერთ-ერთი მმართველი ამბობს, ტურიზმის სექტორის მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ჯერ არ გასცნობიან, თუმცა იციან რომ ტურისტული სეზონი ივნისიდან გაიხსნება, რაც მათ პოზიტიურად განაწყობს.

„სიმართლე გითხრათ ტურიზმის მხარდაჭერის პაკეტი არ ვიცით რას მოიცავს. აქამდე ცუდ სეზონს ველოდით, მაგრამ ახლა რადგან უკვე შიდა ტურიზმი ამოქმედდება, ვფიქრობთ, რომ გვექნება ჯავშნები“, - აცხადებს თეკლა ჭინჭარაული.

მისივე თქმით, ოჯახი ამ ბიზნესს უკვე 8 წელია ეწევა და რაიმე სახის ფინანსური ვალდებულებები საფინანსო ინსტიტუტებთან არ აქვთ.

„ჩვენ გვაქვს 7 საძინებლიანი სასტუმრო და 8 წელია ვამოქმედებთ სასტუმროს ზაფხულის პერიოდში. ჩვენ გვქონდა ვირუსის გავრცელებამდე Booking-დან და Airbnb-დან ჯავშნები, რამდენიმე ადგილობრივი და შვედეთიდან არსებული ჯავშნები მაისში გაუქმდა, ასევე პოლონეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, თურქეთიდან და ავსტრალიიდან გაუქმდა და დარჩენილი გვაქვს ადგილობრივების, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან და გერმანიიდან ჯავშნები, თუმცა არ ვიცით რამდენად შენარჩუნდება და ჩამოვლენ. ახალი ჯავშნები ჯერ არ შემოსულა“, - ამბობს „სულფონის“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, ერთი ადამიანისთვის ღამის გათევა მათთან 20 ლარი ღირდა, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ღირებულების შემცირებაზე ფიქრობდნენ.

„ეპიდემიიდან გამომდინარე ვფიქრობდით, რომ შემცირდებოდა მომართვიანობა, ამიტომ ვფიქრობთ ხომ არ შევამციროთ ფასი. თუმცა, შევხედავთ როგორ წარიმართება მოვლენები“, - განმარტავს თეკლა ჭინჭარაული.

პრობლემებზე საუბრისას სასტუმროს წარმომადგენელი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას: "მაგალითისთვის, ინტერნეტი არ იყო და რომ გააკეთეს მოხარულები ვართ, ახლა გზასაც აკეთებენ და უფრო გაგვიადვილდება ტრანსპორტირება, საკვების ამოტანა. ყველა აღნიშნავს რომ შატილს მოუხდებოდა ღამის განათება, თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ არაფერი ისმის. კოშკებიც ცუდ მდგომარეობაშია და მიხედვა უნდა.

ჩვენ გავეცნობით ტურიზმის დახმარების პაკეტს და მივესალმებით, თუ მთავრობა შემცირებული ტურისტული ნაკადის ფონზე რაიმე სახით დაგვეხმარება, იმიტომ რომ ჩვენი შემოსავლებიც შემცირდება, მაშინ როდესაც ხევსურეთში ტურისტული სეზონი ისედაც 3 თვე არის აქტიური“.