მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აქცენტები გაციფრულებაზე კეთდება“ - ნიკოლოზ ქურდიანი „თიბისის“ ინვესტორთა დღეს აფასებს

6368c8d705f75
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.22 14:00
603
"თიბისი ჯგუფმა“ მორიგი ინვესტორთა დღე, 4 ნოემბერს უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართა. როგორ აფასებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე უზბეკეთში გამართულ ღონისძიებას და რა აქცენტები გაკეთდა ინვესტორების მხრიდან - ამ კითხვებს ნიკოლოზ ქურდიანმა "საქმიან დილაში" უპასუხა.

მისი განმარტებით, თიბისის ინვესტორთა დღის, ლონდონის მაგივრად, უზბეკეთში გამართვა, სამარყანდში მიმდინარე უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმიდან და ამ ქვეყანაში TBC UZ-ის წარმატებიდან გამომდინარე გადაწყდა. მისი თქმით, ინვესტორთა დღეზე თიბისის არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს ის პროექტები და სიახლეები წარედგინებათ, რომელსაც თიბისი ჯგუფის ფარგლებში ახორციელებს.

„თიბისიმ 2010 – 2020 წლებში საქართველოსა და რეგიონულ ბაზარზე თავის დომინანტურ მდგომარეობას მიაღწია, რადგან ყველაზე დიდი მოთამაშე გახდა. 2020 წლის შემდეგ, ათწლეულში როგორც ციფრული კომპანია ისე შემოვედით და დიდი აქცენტები სწორედ ამ მიმართულებით კეთდება. საქართველოში ჩვენი კომპანია TNet-ი რომ ავიღოთ, ეს კომპანია ძალიან დიდ შედეგებს იძლევა და ბაზარზე ძალიან დიდი, დომინანტური წილი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მეორე ქართველი ყოველდღიურად შედის ჩვენს ვებგვერდებზე. ამას იმისთვის ვიყენებთ, რომ მომხმარებლისთვის ჯამურად საუკეთესო გამოცდილება შევქმნათ.

ინვესტორის დღეზე მოლოდინები და ინტერესი ყველა მიმართულებით იყო, უბრალოდ აქცენტები გაციფრულებაზე კეთდება, რადგან დაინახეს რომ ჩვენ ეს შეგვიძლია“, - განაცხადა ქურდიანმა.

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილის განმარტებით, ინვესტორებთან კომუნიკაციის დროს ყველაზე მთავარი კომპანიის გეგმების განჭვრეტადობაა.

„ყველაზე მთავარი ინვესტორთან ურთიერთობისას ტრანსფარენტულობა და კონსისტენტურობაა, ანუ შედეგების დაგეგმვადობაა. ადამიანმა უნდა იცოდეს რას უნდა ელოდოს. ინვესტორთან ურთიერთობისას მოლოდინის შექმნა წარმატების განმსაზღვრელი კრიტიკული ფაქტორია. ამას ემსახურება ინვესტორთა დღეც, სადაც მთელი მენეჯმენტი ერთ ოთახში ერთად ვუყვებით ინვესტორებს რას და როგორ ვაკეთებთ, რომ მათ მოლოდინები სწორად ჩამოვუყალიბოთ და შევუქმნათ. დანარჩენი ეს იქნება ინფლაციური წნეხი თუ სხვა ფაქტორები, ცვალებადია, რომლებსაც ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან“, - აღნიშნა ქურდიანმა.