06.ივლისი .2020 16:43

„აქციის მიზანია, გამოვაფხიზლოთ სახელმწიფო“ - რა მოთხოვნები აქვს ტურიზმის ინდუსტრიას

views 410
უკან

მაისის ბოლოდან სექტორში საქმე აღარ კეთდება, - ამის შესახებ BM.GE-ის გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ტურისტული კომპანია „ოფროუდ ჯორჯიას“ დამფუძნებლმა ალექსანდრე გიორგიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან 17:00 საათზე დაგეგმილი აქცია-პერფორმანსის მიზანი სახელმწიფოს გამოფხიზლება და სექტორის გადარჩენაა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ შეწყდეს არასწორი ინფორმაციის გაჟღერება სახელმწიფოს მხრიდან; მაგალითად, ის, რომ საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, ვინც უცხოელ ტურისტებს გაუხსნიდა საზღვრებს ან კიდევ ის, რომ Wizz Air-მა ბაზა თვითონ გადაიტანა და ჩვენ არ გაგვიშვია...

ჩვენი მიზანია, გამოვაფხიზლოთ სახელმწიფო და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას თუნდაც იმისთვის, რომ შემოდგომის სეზონი გადარჩეს.

ამასთან, რეგულაციები ბოლომდე არ არის გარკვეული და ძალიან ბევრი დეტალი არის დაუზუსტებელი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა ფინანსურად მოხდეს ტურების გათვლა და გადაზღვევა იმ კუთხით, რომ ვთქვათ თუ ვინმეს აუწევს სიცხე, მთლიანად მოიხსნას ჯგუფი და ტური გაუქმდეს, ეს ხომ ძალიან დიდ ფინანსურ დანაკარგთან არის დაკავშირებული. ბიზნესს ვერ გააკეთებ თუ არ გაქვს კონკრეტული მოცემულობა და წესი. მაისის ბოლოდან კი, სექტორში საქმე აღარ კეთდება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

მისი თქმით, უცხოელი პარტნიორები მზად არიან საქართველოში მოგზაუროებისთვის, თუმცა ფრენების აღდგენასთან და რეგულაციებთან დაკავშირებული გაურკვევლობა მათთან თანამშრომლობას ართულებს.

„პოლონეთი, გერმანია, ბრიტანეთი, ავსტრალია, ყაზახეთი და ა.შ. ეს არის ქვეყნები, საიდანაც არის მზაობა, საზღვრების გახსნის შემთხვევაში, მათი მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, თუმცა ჩვენს პარტნიორებს, არსებული გაურკვეველი მდგომარეობის გამო ვერაფერს ვეუბნებით“, - აღნიშნა „ოფროუდ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა.

ალექსანდრე გიორგიძე აღნიშნავს, რომ აქციას გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის მასტაბით მომუშავე გიდები და ტუროპერატორები. მისივე თქმით, აქცია მხარდაჭერას საქართველოს ტურიზმის ინდუსტიის ალიანსიც უცხადებს.

„მას შემდეგ, რაც დავაანონსეთ აქცია, უკუკავშირი ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან არ ყოფილა. ეს არის პერფომანს-გამაფრთხილებელი აქცია. თუ რაიმე რეალური შედეგები არ დადგა, დაახლოებით, ერთ კვირაში ფართომასშტაბიან აქციას გავუკეთებთ ორგანიზებას“, - განაცხადა ალექსანდრე გიორგიძემ.